Digest Logo

ცოდვა, რომელსაც შეუძლია აწმყოში კარმული კავშირი გამოიწვიოს და როგორ უნდა გამოიყენოთ ეს შემდგომი

1717242304
კარმაკარმა

კითხვაზე: რა არის ერთად ცხოვრების მიზეზი, თუ ცოლ-ქმარს შორის სიყვარული და ურთიერთპატივისცემა არ არსებობს და უფრო მეტიც, ურთიერთობა ტოქსიკურია? - წყვილს პასუხი არ აქვს. თუმცა, ეზოტერიკოსები ირწმუნებიან, ყველაფერი წინა ცხოვრებას, კარმულ ქორწინებასა და კარმულ კვანძებს უკავშირდებაო. თუ რით ხსნიან ამ მოსაზრებას და რა გამოსავალს გვთავაზობენ ასეთ სიტუაციაში, ეზოტერიკოსმა „თბილისელებს“ უპასუხა:

- არსებობს უამრავი მაგალითი, როცა მეუღლეებს შორის ოდნავი სიყვარული და პატივისცემაც კი არ იგრძნობა, მაგრამ ერთად ცხოვრებას მაინც აგრძელებენ და უფრო მეტიც, ტოქსიკურია მათ შორის მიზიდულობაც. თუმცა კითხვაზე: ხელს რა გიშლით ურთიერთობის გაწყვეტაშიო, უამრავ არგუმენტს მოისმენთ: ბავშვები, საერთო ბიზნესი, გასაყოფი საცხოვრებელი... ანუ, ასახელებენ ყველაფერს, ნამდვილი მიზეზის გარდა, რაც არც თავად უწყიან.

- მაშ, რა არის ნამდვილი მიზეზი?

- ასეთი ურთიერთობისგან თავის დაღწევას, როგორც წესი, კარმული, კვანძებით შებოჭილი ქორწინება უშლის ხელს. ამიტომაც, რაც უფრო ცუდი ურთიერთობა და მეტი ნეგატივი აქვს წყვილს ცხოვრებაში, მით უფრო მჭიდროა კარმული კვანძი და ძლიერია პათოლოგიური ლტოლვა პარტნიორთა შორის. ამ ზომამდე კი გადაუხდელ კარმულ ვალებს მივყავართ, უფრო სწორად, წინა ცხოვრებიდან გადმოყოლილ, ოჯახურ ურთიერთობებში არსებულ ღალატს, ტყუილს, სიძულვილს, სისასტიკეს. სამწუხაროდ, კარმული ქორწინება ყველაზე დამღუპველი ურთიერთობაა. უფრო მეტიც, ამ ურთიერთობის სიმძიმე ცხოვრების აბსოლუტურად ყველა სფეროზე ვრცელდება. ასეთი მეუღლეები წარუმატებელნი არიან პროფესიულ საქმიანობაში, ურთიერთობებს ვერ აწყობენ შვილებთან, პრობლემები აქვთ კანონთან, მავნე დამოკიდებულებებისა და მძიმე დაავადებებისგან იტანჯებიან. ამას ასევე, დავამატებ, მეუღლეებს შორის 7-წლიან ასაკობრივ სხვაობას, რაც შეიძლება კარმულ ქორწინებაზე მიუთითებდეს - იქიდან გამომდინარე, რომ შვიდი საკრალური ციფრია, რომელიც სულის წარსულთან კავშირზე მეტყველებს. მაგალითად, როცა წყვილიდან ერთ-ერთი თავს სწირავს სიყვარულს, მეორე კი სრულიად გულგრილად აძლევს მას ამის საშუალებას - ეს ნიშნავს, რომ სწორედ აღნიშნული ციფრის გამო არიან ისინი კარმული კვანძით შეკრულნი.

- რა ნიშნებით ხასიათდება ასეთი კვანძები?

- ურთიერთობები ყოველდღიურად უარესდება, ჩვეულებად ქცეული ჩხუბი კი, გაღიზიანებისა და დაღლილობის გარდა, პარტნიორის მიმართ მძაფრ სიძულვილსაც იწვევს, თუმცა, დაშორებაზე ლაპარაკიც არ არის. ურთიერთობის გაწყვეტის გადაწყვეტილების შემთხვევაშიც კი, ცხოვრება წყვილს ისევ და ისევ ერთმანეთს შეყრის ხოლმე. კარმული კვანძის ყველაზე ნათელი დადასტურებაა, როცა ადამიანი ხვდება, რომ პარტნიორისადმი ნაზი გრძნობები კი არ აღეძვრის, საერთოდ გულგრილია მისდამი, თუმცა იმავდროულად, პანიკურად ეშინია მისი დაკარგვის.

- რა უნდა ვქნათ ამ დროს?

- უპირველესად, დაბადების თარიღის მიხედვით, გამოთვალეთ კარმული ურთიერთობების არსებობა-არარსებობა. ეს ხელს შეუწყობს, გათავისუფლდეთ ეჭვებისგან და იმაშიც კი დარწმუნდეთ, რომ კარმული კვანძი აქ არაფერ შუაშია და ურთიერთობების პრობლემები მხოლოდ დამთხვევაა. ამის გასარკვევად რამდენიმე გზა არსებობს. დღეს შემოგთავაზებთ ერთ-ერთ მათგანს, რომლის საშუალებითაც არა მხოლოდ „დიახ“ ან „არას“ მიიღებთ პასუხად, არამედ შეძლებთ, მომავალში მსგავსი ურთიერთობების გაჩენის რისკიც კი განსაზღვროთ. ამისთვის, აიღეთ ორივე მეუღლის დაბადების თარიღი და ჩაატარეთ მარტივი მანიპულაცია. მაგალითად, თუ პირობითად, ცოლის დაბადების თარიღია - 05/02/1972, ქმრის კი - 28/01/1973, თითოეულ თარიღს ცალ-ცალკე ერთნიშნა რიცხვამდე დაიყვანთ: 5+2+1+9+7+2=26=2+6=8; 2+8+1+1+9+7+3=31=3+1=4. შემდეგ იანგარიშებთ მათ შორის სხვაობას და მიღებული შედეგების ჯამს: 8-4=4 8+4=12=1+2=3. სწორედ ამ ჯამის რაოდენობა მიუთითებს კარმულ კვანძზე; ამ მაგალითში ეს არის 4 და 3.

- როგორ გავხსნათ კვანძი?

- მაშინაც კი, თუ გამოთვლებით, თქვენი კავშირი არ აღმოჩნდა კარმული, მაგრამ მაინც უკეთესი ურთიერთობა გსურთ, იმას, თუ რა უშლის თქვენს წყვილს ხელს, რომ ჰარმონიას მიაღწიოს, ამოიკითხავთ საკუთარ დაბადების თარიღში. ხოლო, ვისაც წარსულ ინკარნაციებთან აქვს წვდომა, გეტყვით, რა ცოდვამ შეიძლება გამოიწვიოს აწმყოში კარმული კავშირი. ახლა კი ვნახოთ, რას გვეუბნება დაბადების თარიღის მიხედვით გამოთვლილი რიცხვი. თუ ის არის: 1 - თქვენი ყველა უსიამოვნების მთავარი მიზეზი ეჭვიანობაა. შეეცადეთ, დაძლიოთ კომპლექსები და ისწავლოთ პარტნიორის პირადი სივრცის პატივისცემა; 2 - ეგოიზმი თქვენი აქილევსის ქუსლია. გაეცით უანგაროდ და, რაც მეტს გასცემთ, მით მეტს მიიღებთ. ეს არის სამყაროს კანონი; 3 - ბოროტების საფუძველია ის, რომ მშობლებზე ზედმეტად ხართ დამოკიდებული. დროა, პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი გადადგათ; 4 - თქვენ გაბრკოლებთ კონფლიქტური ცხოვრების წესი - მიიღეთ ადამიანები და სამყარო ისეთი, როგორებიც არიან, ყოველგვარი განსჯისა და ბრაზის გარეშე... და პასუხად ისიც გაგიღიმებთ; 5 - საკუთარი თავის მიუღებლობა და დაბალი თვითშეფასებაა თქვენი მტერი. უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება, სანამ არ მიხვდებით, რომ თქვენს ცხოვრებაში მთავარი ადამიანი თავად ხართ; 6 - სისასტიკე და ტყუილია თქვენი უბედურება. შეგახსენებთ, რომ მსგავსი იზიდავს მხოლოდ მსგავსს, შესაბამისად, სიკეთის, მოწყალებისა და პატიოსნების გარეშე, კვანძი არ გაიხსნება; 7 - პრობლემის ქვაკუთხედი მანიპულირება და სხვის მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულებაა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ყოფნაა და არა მოჩვენება; 8 - სიმხდალე და უნებისყოფობა გაიძულებთ ერთი ადგილის ტკეპნას, აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენს ქმედებებზე და შეცვალეთ საკუთარი ბედი; 9 - გაურკვეველი ურთიერთობები, სხვისი გავლენის ქვეშ ყოფნა და სხვის აზრზე დამოკიდებულებაა, რაც შიგნიდან განადგურებთ. მათ შორის, ვისზეც ასე ხართ დამოკიდებული, შეიძლება იყვნენ, ენერგეტიკული ვამპირები, არაკეთილსინდისიერი და უბრალოდ, ტოქსიკური ადამიანები. ამიტომ, იფიქრეთ მხოლოდ თავად. ასე რომ, კარმული ქორწინება და კარმული კვანძი სულაც არ არის სამუდამო პატიმრობა. პათოლოგიური ლტოლვის მოშლაც შესაძლებელია. გადალახეთ წყენა, გამოასწორეთ შეცდომები, ისწავლეთ პატიება, მადლობა გადაიხადეთ გამოცდილებისთვის და, ბოლოს და ბოლოს, გაათავისუფლეთ ერთმანეთი. კარმული ურთიერთობები ხომ იმისთვის გვეგზავნება, რომ გავძლიერდეთ და დავბრძენდეთ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რას ჰყვება მარიამ ელიეშვილი მეუღლეზე და რა სიურპრიზებით ანებივრებს მომღერალს ქმარი ამერიკიდან

🎥 შორენა ბეგაშვილი იტალიაში რჩეულთან ერთად ისვენებს

🎥 „ასე იწერებოდა ლელას ახალი სიმღერა“ - რა კადრებს აქვეყნებს მამულიჩა

წყარო: tbiliselebi.ge