აშშ-ში, ორეგონის შტატის ქალაქ ბენდში, დაწყებით სკოლაში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სამი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი დაიღუპა. დაშავდა კიდევ ორი ადამიანი - 7 წლის ბავშვი და 54 წლის მასწავლებელი, რომელთა მდგომარეობაც კრიტიკულად ფასდება.
ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.
შემთხვევა ხუთშაბათს, 15 ოქტომბერს, Silver Rail Elementary-ის სკოლაში მოხდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, 16 წლის თავდამსხმელმა შენობაში შეღწევა ჩაკეტილ კარებზე სროლით მოახერხა.
პოლიციაში პირველი შეტყობინება ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 12:59 საათზე შევიდა. თავდაპირველად, მოქალაქე იტყობინებოდა, რომ შეიარაღებულმა პირმა ავტომობილს ცეცხლი გაუხსნა. მალევე სამართალდამცველებმა სკოლაში სროლის შესახებ სხვა შეტყობინებებიც მიიღეს.
პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე მყოფმა მოქალაქემ შეაჩერა, რომელიც მას სკოლის შენობაში გაჰყვა და ესროლა. მოზარდი ადგილზე გარდაცვლილი იპოვეს.
გამოძიების ამ ეტაპზე უცნობია, ჰქონდა თუ არა თავდამსხმელს რაიმე კავშირი სკოლასთან ან იცნობდა თუ არა მის მოსწავლეებსა და თანამშრომლებს. სამართალდამცველების ცნობით, თავდასხმისას გამოყენებული თოფი მოზარდის დედას ჰქონდა შეძენილი.
ინციდენტის შემდეგ სკოლიდან მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა. ბავშვების მშობლებთან შესახვედრად ახლომდებარე ეკლესიაში სპეციალური სივრცე მოაწყვეს.
ტრაგედიის გამო, პარასკევს, 16 ოქტომბერს, ბენდ-ლა-პაინის სასკოლო ოლქის 32-ვე სკოლაში სასწავლო პროცესი, სპორტული ღონისძიებები და სხვა აქტივობები გაუქმდა.
ორეგონის გუბერნატორმა თინა კოტეკმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და მადლობა გადაუხადა მოქალაქეს, რომლის ჩარევამაც, მისი შეფასებით, შესაძლოა, მსხვერპლის რაოდენობის ზრდა თავიდან აიცილა.
თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. გამოძიება გრძელდება.