ფრანგმა ფეხბურთელმა კილიან მბაპემ ჩინელ ხალხს ბოდიში მოუხადა მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოს მისი მონაწილეობით ჩინეთში კრიტიკა მოჰყვა. სკანდალის ფონზე, ჩინურმა კომპანიებმა ფეხბურთელთან თანამშრომლობა შეწყვიტეს, მედიაში კი გავრცელდა ინფორმაცია ესპანეთის La Liga-ს მატჩების ტრანსლირების შეჩერების შესახებ.
ინციდენტი ფრანგულ ონლაინშოუში The Bridge ჩაწერილ ინტერვიუს უკავშირდება. მბაპეს ჰკითხეს, რომელი ინტერნეტმემი აცინებდა ყველაზე მეტად. ფეხბურთელმა გაიხსენა ვიდეო, რომელშიც მისი სახე ჩინელი ლიდერის, მაო ძედუნის გამოსახულებაზეა დატანილი. მბაპემ აღნიშნა, რომ გამოსახულ მამაკაცს ჩინელ დიქტატორად მიიჩნევდა, რასაც გადაცემაში სიცილი მოჰყვა.
ვიდეო ჩინურ სოციალურ ქსელებში გავრცელდა და კრიტიკა გამოიწვია. მაო ძედუნი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დამფუძნებელი ლიდერი იყო, მის შესახებ ხუმრობები კი ქვეყანაში ბევრისთვის შეურაცხმყოფლად აღიქმება.
„ჩემი კომენტარი დაუფიქრებელი იყო და ახლა ვაცნობიერებ, რომ მან ჩინეთში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ჩინური თემის ბევრი წარმომადგენელი გაანაწყენა. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ჩემი სიტყვები ეწყინა. ეს ჩემი განზრახვა არ ყოფილა. ჩინელი ხალხისა და მისი ისტორიის მიმართ ღრმა პატივისცემა მაქვს და გულწრფელად ვწუხვარ“, - განაცხადა მბაპემ.
რომელმა კომპანიებმა შეწყვიტეს თანამშრომლობა?
ფეხბურთელთან თანამშრომლობა დაუყოვნებლივ შეწყვიტეს ჩინურმა კომპანიებმა Dongpeng Beverage-მა, Mengniu-მ და Milkground-მა. მათ განცხადებებში ხაზგასმული იყო, რომ ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა აქვთ.
სოციალურმა პლატფორმამ Xiaohongshu-მაც განაცხადა, რომ მბაპესთან დაკავშირებულ სარეკლამო მასალებს წაშლიდა. გავრცელებული ინფორმაციით, პლატფორმაზე ფეხბურთელის ანგარიშს ახალი გამომწერების მიღებაც შეეზღუდა.
სკანდალს ჩინეთის ფეხბურთის ასოციაციაც გამოეხმაურა. ორგანიზაციამ მადრიდის „რეალს“ და მბაპეს საჯარო და ოფიციალური ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.
La Liga-ს მატჩების ტრანსლირებაც შეჩერდა?
ჩინურ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, სახელმწიფო მაუწყებლის CCTV-ის მშობელმა ორგანიზაციამ, China Media Group-მა, ესპანეთის La Liga-ს მატჩების ტრანსლირება შეაჩერა და მბაპეს მონაწილეობით სარეკლამო მასალები მოხსნა. ამასთან, თავდაპირველ ცნობებში აღნიშნული იყო, რომ მაუწყებელს გადაწყვეტილება ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
La Liga-ს პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა ჩინელ გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ლიგა ჩინელ პარტნიორებთან ურთიერთობის შენარჩუნებასა და ვითარების განმუხტვაზე მუშაობდა.
მბაპე, რომელიც მადრიდის „რეალისა“ და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელია, ჩინეთში სარეკლამო კამპანიების ერთ-ერთი ცნობილი სახე იყო.