ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შესაბამის უწყებებს დოკუმენტურ ფილმ NAZA-ში ანონიმურად მონაწილე სამხედროების ვინაობის დადგენისა და მათ წინააღმდეგ სამართლებრივი ზომების მიღებისკენ მოუწოდა. ფილმი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციებსა და პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის საკითხს ეხება.
როგორც Euronews წერს, ნეთანიაჰუმ გენერალურ პროკურორ გალი ბაჰარავ-მიარას, ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროს ეიალ ზამირსა და შინაგან საქმეთა უსაფრთხოების სამსახურის, შინ ბეთის ხელმძღვანელ დევიდ ზინის მიმართა, რომ ფილმში მონაწილე პირების ვინაობა სასწრაფოდ დაადგინონ.
ნეთანიაჰუ ფილმის ავტორების, ოსკაროსანი ისრაელელი რეჟისორების, იუვალ აბრაამისა და რეიჩელ შორის წინააღმდეგაც სამართლებრივი ზომების მიღებას მოითხოვს. მისი შეფასებით, ფილმი ისრაელის დიპლომატიურ და უსაფრთხოების ინტერესებს აზიანებს.
NAZA ვენეციის კინოფესტივალზე წარადგინეს, სადაც მან ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო. ფილმში 24 ისრაელელი სამხედრო დაზვერვის თანამშრომელი, ჯარისკაცი და ინფორმატორი ანონიმურად საუბრობს. მათი სახეები და ხმები იდენტობის დასაცავად ციფრულადაა შეცვლილი.
ფილმში რესპონდენტები აღწერენ, როგორ გამოიყენება სამხედრო სამიზნეების განსაზღვრისას ხელოვნური ინტელექტი და ავტომატიზებული სათვალთვალო სისტემები და როგორ იგეგმება დარტყმები იმ შემთხვევებშიც, როდესაც სამიზნე ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობაა.
ფილმის ავტორების თქმით, ნამუშევარი ეფუძნება ჟურნალისტურ გამოძიებებსა და მასალებს, რომლებიც 2023-2025 წლებში გამოცემებმა +972 Magazine-მა, Local Call-მა და The Guardian-მა გამოაქვეყნეს.
ნეთანიაჰუს მთავრობა ფილმს მკაცრად აკრიტიკებს. ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნამუშევარი ქვეყნისა და მისი არმიის შესახებ ცრუ და მიკერძოებულ წარმოდგენას ქმნის. მანამდე ხელისუფლების წარმომადგენლები რეჟისორებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობასაც ახსენებდნენ.
ამასთან, ჟურნალისტთა უფლებადამცველი ორგანიზაციები ხელისუფლების რეაქციას მედიის წარმომადგენლებსა და ინფორმაციის წყაროებზე ზეწოლად აფასებენ. ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რიკარდო გუტიერესმა განაცხადა, რომ მსგავსი მუქარები ჟურნალისტების დაშინების მცდელობას წარმოადგენს.
NAZA ამჟამად მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაშია ნაჩვენები. ფილმის ონლაინ ნახვა ნოემბერში The Guardian-ის ვებგვერდზეც უფასოდ იქნება შესაძლებელი.
NAZA - official trailer