ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი რობ იეტენი და მისი საქმრო, არგენტინელი პროფესიონალი ჰოკეისტი ნიკოლას კინანი, პირველ შვილს ელოდებიან. გეი წყვილმა ამბავი 19 ოქტომბერს სოციალურ ქსელში გააზიარა. ბავშვის დაბადება 2027 წლის გაზაფხულზეა მოსალოდნელი.
39 წლის იეტენი და მისი პარტნიორი მშობლები სუროგაციის გზით გახდებიან.
პარტია D66-ის განცხადებით, პროცესი არაკომერციულია და ნიდერლანდებში მოქმედი წესებისა და რეგულაციების შესაბამისად განხორციელდა.
„ვერანაირი სიტყვა ვერ გამოხატავს იმ მადლიერებას, რომელსაც ჩვენი კვერცხუჯრედის დონორის, სუროგატი დედისა და მათი ოჯახების მიმართ ვგრძნობთ. თქვენი დახმარების გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა“, - დაწერა წყვილმა სოციალურ ქსელში.
რობ იეტენი ნიდერლანდების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია და ქვეყნის მთავრობის პირველი ღიად ჰომოსექსუალი მეთაურია. ბავშვის დაბადება კიდევ ერთი ისტორიული მოვლენა იქნება, ის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნიდერლანდების პირველი მოქმედი პრემიერ-მინისტრი გახდება, რომელიც თანამდებობაზე ყოფნისას მამა იქნება.
როგორც იეტენის პარტიაში აცხადებენ, პრემიერ-მინისტრი ბავშვის დაბადების შემდეგ რამდენიმე დღით სამსახურებრივ მოვალეობებს ჩამოშორდება, რათა ოჯახთან ერთად გაატაროს დრო.