Digest Logo

რემბრანდტის შედევრები ტატუებად: ამსტერდამის მუზეუმში უჩვეულო პროექტი დაბრუნდა, რაც 7 ნოემბრამდე გაგრძელდება

1793359512
რემბრანტი რემბრანტი

ნიდერლანდებში, ამსტერდამში, რემბრანდტის სახლ-მუზეუმში, ხელოვნებისა და ტატუირების უჩვეულო პროექტი დაბრუნდა - „ღარიბი კაცის რემბრანდტი“ . პროექტის ფარგლებში, ვიზიტორებს შეუძლიათ, ცნობილი ჰოლანდიელი მხატვრის ნამუშევრებით შთაგონებული გამოსახულებები სხეულზე სამუდამოდ დაიტანონ.

პროექტი პირველად 2023 წელს განხორციელდა და დიდი პოპულარობის გამო წელსაც განახლდა. 26 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე მუზეუმში დროებითი ტატუს სტუდიაა მოწყობილი, სადაც ჰენკ შიფმახერისა და მისი გუნდის ტატუ-ოსტატები მუშაობენ.

ერთ-ერთი მონაწილე Associated Press-ის კორესპონდენტი მაიკ კორდერია, რომელმაც მხარზე რემბრანდტის 1630 წლის ოფორტის „ავტოპორტრეტი ბერეტით, ფართოდ გახელილი თვალებით“ გამოსახულება დაიტანა. ტატუირებას დაახლოებით ნახევარი საათი დასჭირდა.

პროექტში მონაწილე ცნობილი ტატუ-ოსტატი ჰენკ შიფმახერი, რომელიც Hanky Panky-ის სახელითაც არის ცნობილი, მიიჩნევს, რომ ტატუ ხელოვნების ფორმაა, რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში ატარებს. მას კარიერის განმავლობაში ისეთი ცნობილი მუსიკოსებისთვისაც შეუქმნია ტატუები, როგორებიც არიან ლედი გაგა და Red Hot Chili Peppers-ის წევრები.

რემბრანდტის სახლ-მუზეუმის დირექტორის, მილუ ჰალბსმას შეფასებით, რემბრანდტიც და შიფმახერიც თავიანთ სფეროში გამორჩეული და საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი ფიგურები არიან.

პროექტის ფარგლებში ტატუების ფასი 100-დან 350 ევრომდე მერყეობს. 

✕