„ეს პროცესი და კანონპროექტები რეალურ კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი“, - ამის შესახებ ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა. პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან.
ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორგანიზაცია თანამოქალაქეების დასახმარებლად აკეთებს. ეს პროცესი და კანონპროექტები რეალურ კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ 6 მარტს განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პარლამენტში მსჯელობა ხუთშაბათს გაიმართებოდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დეპუტატები კანონპროექტზე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იმსჯელებდნენ.