
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე, სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.
ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც უსაფრთხო დანამატების შესახებ წერს და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ.
„7 ნაბიჯი უსაფრთხო დანამატის შესარჩევად
კომპანიის ლეგალურობა
• ეტიკეტზე უნდა ეწეროს მწარმოებლის ან იმპორტიორის სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონი, ვებგვერდი/Facebook).
• თუ ეს ინფორმაცია არ არის — პროდუქტი არ არის სანდო.
პროდუქტის რეგისტრაცია
• დანამატს ქართულ ენაზე ეტიკეტი აუცილებლად უნდა ჰქონდეს.
• თუ იყიდება აფთიაქში ან რეგისტრირებულ მაღაზიაში → დამატებითი პლუსია.
• თუ იყიდება მხოლოდ ონლაინ → კომპანიის მთავარ ვებსაიტზე აუცილებლად უნდა იყოს სრული ინფორმაცია: ინგრედიენტები, თარიღები, წარმოების ქვეყანა, უსაფრთხოების ინსტრუქცია.
•თუ ეს დეტალები არ არის — პროდუქტი არ არის რეკომენდებული.
წარმოების ხარისხი (GMP)
• პროდუქტი უნდა იყოს დამზადებული GMP სტანდარტის ქარხანაში.
• ეს ინფორმაცია უნდა იყოს მითითებული ეტიკეტზე ან კომპანიის ოფიციალურ გვერდზე.
• თუ ინფორმაცია არ ჩანს — პროდუქტის ხარისხი ეჭვქვეშ დგება.
ლაბორატორიული ანალიზი (CoA)
• თითოეულ პარტიას (Batch/LOT) უნდა ჰქონდეს ლაბორატორიული ანალიზის სერტიფიკატი.
• მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ეს დოკუმენტი.
• თუ კომპანია უარს ამბობს — პროდუქტი არ არის რეკომენდებული.
მარკირება და QR კოდი
ეტიკეტზე აუცილებლად უნდა ეწეროს:
• ყველა ინგრედიენტი და მათი რაოდენობა
• Batch/LOT ნომერი
• წარმოების თარიღი (MFG) და ვარგისობის თარიღი (EXP)
• „Made in …“ — წარმოების ქვეყანა
• შენახვის პირობები (მაგ.: „შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილას“)
• QR ან ბარკოდი, რომელიც მუშაობს
თუ ამ ჩამონათვალიდან ერთიც კი აკლია → პროდუქტი არ არის რეკომენდებული.
უსაფრთხოების ინფორმაცია
• ეტიკეტზე უნდა ეწეროს, ვის არ შეუძლია გამოყენება (ორსული, ბავშვი, ქრონიკული დაავადების მქონე).
• აუცილებლად უნდა იყოს მოხმარების წესი და დოზირების ინსტრუქცია.
•თუ ეს ინფორმაცია არ არის — პროდუქტი არ არის რეკომენდებული.
ჯანმრთელობისა და „ბიო“ განცხადებები
• თუ წერია „BIO“, „Organic“, „Gluten Free“ — კომპანიას უნდა ჰქონდეს ოფიციალური დამადასტურებელი დოკუმენტი.
• მხოლოდ ლოგოს ნდობა
არ შეიძლება, ის შეიძლება ყალბი იყოს.
• თუ ვერ ამტკიცებენ — პროდუქტი არ არის რეკომენდებული.
მთავარი წესი!
თუ ამ 7 ნაბიჯიდან ერთიც კი აკლია — პროდუქტი არ არის რეკომენდებული Safe Supplement Georgia-ს მიერ.
ზარმაცებისთვის!
თუ ყველა ამ დეტალის შემოწმება გეზარებათ, უბრალოდ შეამოწმეთ პროდუქტი supplement.ge-ზე.
გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს — ყველამ უნდა იცოდეს, როგორ შევარჩიოთ უსაფრთხო დანამატი!
ვინ დგას ამ რეკომენდაციის უკან?
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG) — დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს საქართველოში და საერთაშორისო დონეზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის.
Safe Supplement Georgia (SSG) — PHIG-ის ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში საკვები დანამატების უსაფრთხოების, სანდოობისა და მომხმარებლის დაცვის უზრუნველყოფას.
ინტერესთა კონფლიქტის დეკლარაცია
ამ რეკომენდაციის ავტორებს არ აქვთ კომერციული კავშირი არცერთ საკვები დანამატის მწარმოებელთან ან გამყიდველთან.
ერთადერთი მიზანი არის საზოგადოების ინფორმირება და მომხმარებლის დაცვა“, - წერს გიორგი ფხაკაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით ისევ მოიმატებს - 20 აგვისტოს ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
⭕ქართველი მსაჯები უეფას ევროპის ლიგის პლეი ოფის მატჩს მოემსახურებიან