ბავშვის ქცევის ფორმირება დაბადებიდან იწყება და ამ პროცესში განსაკუთრებული როლი მშობლებსა და მასწავლებლებს ეკისრებათ. ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის შეფასებით, პოზიტიური მშობლობის პრინციპები ხშირად არასწორად არის გაგებული: ემპათია და ბავშვის ემოციების პატივისცემა არ ნიშნავს იმას, რომ მას ყველა სურვილი უნდა შევუსრულოთ ან წესების გარეშე გავზარდოთ.
როგორც გაგოშიძემ გადაცემაში „სტუმრად ანასთან“ საუბრისას განმარტა, ბავშვს თვითრეგულაცია, საკუთარი ემოციებისა და ქცევის მართვა, უფროსებმა უნდა ასწავლონ. ეს პროცესი დაახლოებით 6-7 წლამდე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და თანმიმდევრულობას, მკაფიო წესებსა და შეთანხმებულ საზღვრებს მოითხოვს.
„პოზიტიური მშობლობის მთავარი პრინციპი არის ემპათია, ანუ შენი შვილის ემოციური საჭიროების გაგება. მეორე, პატივისცემა, მისი, როგორც დამოუკიდებელი პიროვნების აღიარება. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია თანარეგულაცია: ბავშვმა არ იცის, როგორ მართოს თავისი ემოცია და ქცევა, შენ ეხმარები და ასწავლი. მთავარი პრინციპია, რომ ასწავლო დამოუკიდებელ ფუნქციონირებას და პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ ქცევაზე“,- განმარტავს თამარ გაგოშიძე.
მისი თქმით, პოზიტიური აღზრდა არ გულისხმობს ბავშვისთვის ყველა უსიამოვნების თავიდან არიდებას. პირიქით, მნიშვნელოვანია, მან ისწავლოს სირთულეების გადალახვა, მარცხის მიღება და საკუთარი სურვილების გადავადება.
„აღზრდაში აუცილებელია თანმიმდევრული დისციპლინა, ბავშვმა უნდა იცოდეს, რა წესები მოქმედებს და რა შედეგი მოჰყვება მათ დარღვევას. ამასთან, დისციპლინა არ ნიშნავს ყვირილს, ჩხუბს ან ფიზიკურ დასჯას. მშობელი შვილის მეგობარი არ არის იმ გაგებით, რომ მათ თანაბარი პასუხისმგებლობა ჰქონდეთ. მშობელი უფროსია, რომელიც ბავშვის კეთილდღეობაზე აგებს პასუხს და სწორედ მან უნდა ასწავლოს შვილს საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობა. გაჯეტების უკონტროლო გამოყენება, ძილის დარღვევა და სოციალური ქსელების გავლენა უარყოფითად აისახება ყურადღების კონცენტრაციასა და თვითრეგულაციის განვითარებაზე. ბავშვს არ უნდა მოვთხოვოთ ყოველთვის პირველი იყოს და ყველაფერი იდეალურად გამოუვიდეს. მნიშვნელოვანია, მან შეცდომის დაშვებისა და დამარცხების გამოცდილებაც მიიღოს, რადგან სწორედ ასე სწავლობს საკუთარ შესაძლებლობებსა და სირთულეების გადალახვას“,- აღნიშნავს თამარ გაგოშიძე.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო: