ურთიერთობების ქოუჩი და მეტაფიზიკოსი ხათუნა მზექალაშვილი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებზე, წყვილებს შორის კონფლიქტების მიზეზებსა და ბავშვობის გამოცდილების გავლენაზე „ინეზა ჩიტაძის პოდკასტში - ადამიანებზე“ საუბრობს. მისი თქმით, ჯანსაღი ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანია სიყვარული, საკუთარი თავის შეცნობა და გულწრფელი კომუნიკაცია.
როგორც მზექალაშვილი აღნიშნავს, დღეს წყვილებს შორის ურთიერთობები გართულებულია, რადგან ადამიანებს ხშირად არ აქვთ საკმარისი ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ააშენონ ჯანსაღი პარტნიორული კავშირი.
„სამ რამეს გამოვყოფდი, რაც ურთიერთობაში უნდა გაითვალისწინოთ. პირველ რიგში, სიყვარული უნდა გაკავშირებდეთ, ემოცია უნდა გქონდეთ და ძლიერი ლტოლვა ერთმანეთის მიმართ. მეორე — რამდენად იცნობ საკუთარ თავს და ხარ თუ არა საკუთარ თავთან კონტაქტში. სხვანაირად ჯანსაღი საზღვრები ურთიერთობაში ვერ გექნება. მესამე აუცილებლობა კი კომუნიკაციაა. საკუთარი თავის შეცნობა ადამიანს ეხმარება, უკეთ გააცნობიეროს საკუთარი საჭიროებები, ძლიერი და სუსტი მხარეები და ეს ყველაფერი პარტნიორსაც გაუზიაროს. ბავშვობის გამოცდილება ზრდასრულ ასაკში პარტნიორულ ურთიერთობებზეც აისახება.მშობლებისგან ემოციური მხარდაჭერის ნაკლებობამ, მიტოვების განცდამ ან მუდმივმა კრიტიკამ შესაძლოა ადამიანს გაურთულოს სიყვარულის მიღება და სხვებთან სიახლოვის დამყარება - მიტოვებული ბავშვი არის მომავალში შფოთვიანი პარტნიორი“, - ამბობს ის და განმარტავს, რომ ასეთ ადამიანს შეიძლება მუდმივად სჭირდებოდეს პარტნიორისგან სიყვარულისა და ერთგულების დადასტურება, რადგან ეშინოდეს, რომ მიატოვებენ.
მეორე მხრივ, მისი თქმით, ემოციური სიახლოვის ნაკლებობის გამოცდილებამ შესაძლოა ადამიანს საპირისპირო ქცევისკენ უბიძგოს - ჩაიკეტოს საკუთარ თავში და პირად სივრცეს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭოს. ასეთ დროს პარტნიორებს ერთმანეთის საჭიროებების გაგება უჭირთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთს მეტი ყურადღება სჭირდება, მეორეს კი განმარტოება.
ურთიერთობებში კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემად მზექალაშვილი ძალაუფლებისთვის ბრძოლას ასახელებს. მისი თქმით, პარტნიორები ზოგჯერ ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ მათი შეხედულებები და წესები მეორისაზე უკეთესია, ნაცვლად იმისა, რომ განსხვავებები მიიღონ და ერთმანეთს დაეხმარონ.
„არავისი არაფერი არ ჯობია. რაღაცები გვესმის, რაღაცები არ გვესმის და ერთად იმიტომ ვართ, რომ ერთად ადვილია. სადაც მე სუსტი ვარ, შენ მეხმარები და სადაც შენ ხარ სუსტი, მე გეხმარები“, - ამბობს ხათუნა მზექალაშვილი.
მისივე მოსაზრებით, ურთიერთობაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პარტნიორის შეცდომებისა და სისუსტეების დანახვა, არამედ მისი ძლიერი მხარეების დაფასება, მხარდაჭერა და წახალისებაც.