სალომე კასრაძის პოდკასტში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე საუბრობს ისეთ მტკივნეულ და მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა ადამიანური სიახლოვე, პირადი საზღვრები, შიშები და სოციალური კულტურა.
„ყველა ზღვარი თუ გადალახე და სიახლოვე იმას ნიშნავს, რომ ჩემს და შენს შორის საზღვარი არ არის და შემიძლია შენი ნივთი უკითხავად ავიღო... შენი ტერიტორია გადავჯეგო, ეს სიახლოვე არ არის, ეს დამპყრობლური ომია.
ჩემი საქმე არ არის შენი სხეული, ჩემი საქმე არ არის შენი ჯამაგირი, ჩემი საქმე არ არის ძალიან ბევრი რამ, რასაც შენ მე არ მიზიარებ... და გაგიკვირდებათ, ჩემი საქმე არ არის რჩევის მოცემაც კი, თუკი ის ჩემთვის არ გითხოვია.
არ მოსულა - წესიერად რომ არც მიცნობ, რაღაცას რომ გპასუხობ, ამ პასუხსაც რომ არ იღებ და თითქოს შენ უკეთ იცი ჩემი პასუხი... 1001-ეთედ კიდევ ვინმეს არ მივარდე და არ უთხრა: „როდის თხოვდები?“, „უი, მოგიმატია!“, „დაგიკლია!“, „ვარდისფერ პომადაზე მეტად ბორდოსფერი გიხდებოდა“... ყველაფერზე რომ აზრი გაქვს - სხვისი ცხოვრებაა!
საქართველოში... ვერც ხვდება ხალხი, აი, რას ნიშნავს, რატომ არ უნდა ჩავერიო, რატომ არ უნდა დაგისვა ისეთი კითხვა, რომელიც შეიძლება შენ არ გინდოდეს. მე ხომ მაინტერესებს - და ეს არის ძალიან დიდი სხვაობა.
ახლო ადამიანებთან განსაკუთრებული სიახლოვე არის ის, როდესაც არ გეშინია ჩანდე ბუნებრივი, სადაც არ გეშინია, რომ სისულელე თქვა და იცი, რომ გაპატიებენ...
უარყოფითი ემოციით დანაგვიანებული ხარ და განიმუხტები ყველაზე ახლო ადამიანებთან უსაფრთხოდ. მაგალითად, შეიძლება დედასთან ყველაზე მეტს ჩხუბობდე, იმიტომ რომ მისი დაკარგვის არ გეშინია ამ ჩხუბის გამო.
ძალიან ხშირად ადამიანი გიყვება, რომ „ხუთწლიანი ურთიერთობა დამენგრაო“... მაგრამ ხუთი წელი თუ ბედნიერი იყავი, ეს აღარ არის წარმატებას მოკლებული ურთიერთობა! თუ შეძელი, რომ მოხიბლე და დააინტერესე ვიღაც, ეს წარუმატებლობა არ არის. ის, რასაც დასასრული აქვს, არ ნიშნავს მაინცდამაინც იმას, რომ თავის დროზე თავი ვერ გაამართლა.
ადამიანი არ არის ფიქსირებული, გაქვავებული ფორმა. ადამიანი იცვლება განვლილი გზის, ჭრილობების, გადატანილი ტრავმებისა და ასაკობრივი განვითარების მიხედვით. ამიტომ, „ყოველ მომენტში იყავი ის, რაც ხარ“ - რა არის ეს „რაც ხარ“? არავინ იცის, ყოველ ახალ სიტუაციაში საკუთარ თავს თავიდან ეცნობი. ყველაზე დიდი ბედნიერება ალბათ ეგ არის, რომ არ ვიყოთ იდეალურები და ვიყოთ ის, რაც ვართ“,- ჰყვება ნათია ფანჯიკიძე.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო: