ფინანსისტი და ინვესტორი ვასილ რევიშვილი მიიჩნევს, რომ ფინანსური სიმდიდრე მხოლოდ მაღალი ხელფასით ან დიდი შემოსავლით არ განისაზღვრება. მისი განმარტებით, ადამიანი ფინანსურად წარმატებულია მაშინ, როდესაც ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილების შემდეგ მომავლისთვისაც შეუძლია თანხის გადადება.
როგორც რევიშვილმა პოდკასტში „წარმატების ფორმულა“ საუბრისას აღნიშნა, შემოსავლის ზრდასთან ერთად ადამიანის მოთხოვნილებებიც იზრდება, ამიტომ სიმდიდრის კონკრეტული რიცხვით განსაზღვრა რთულია.
„ფინანსურად წარმატებული ადამიანები ყოველდღიურად ცდილობენ, მიზნისკენ ნაბიჯი გადადგან - ეს შეიძლება იყოს ახალი ცოდნის მიღება, მეტი მუშაობა, დანაზოგის გაზრდა ან გააზრებული რისკის აღება. არ არსებობს რაღაც ციფრი, რომელიც წარმატებულად გაქცევთ. ფინანსური წარმატება მუდმივი პროცესია და არა კონკრეტული თანხის მიღწევა. მნიშვნელოვანია, ადამიანმა საკუთარი შემოსავალი ისე მართოს, რომ დღევანდელი საჭიროებების დაკმაყოფილებასთან ერთად მომავალზეც იზრუნოს“,- აღნიშნავს ფინანსისტი.
რაც შეეხება მოულოდნელად მიღებული თანხის გაფლანგვა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფინანსური შეცდომაა საქართველოში, განმარტავს ფინანსისტი.
მისი შეფასებით, ადამიანები ზოგჯერ მოულოდნელ შემოსავალს ისე აღიქვამენ, თითქოს ეს თანხა განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მიიღეს და ამიტომ მისი დახარჯვაც მარტივად შეუძლია.
„ქარის მოტანილს ქარი წაიღებს“. ასეთ დროს ადამიანმა შესაძლოა ძვირადღირებული ნივთი შეიძინოს იმის ნაცვლად, რომ თანხის ნაწილი მაინც შეინახოს ან დააბანდოს. ნებისმიერი დამატებითი შემოსავალი შესაძლებლობად უნდა განვიხილოთ და არა დაუყოვნებლივ დასახარჯ ფულად. თუ ადამიანი უკვე ფიქრობს ინვესტირებაზე, ეს თავისთავად სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, თუმცა მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილება გააზრებული იყოს და რისკებიც შეფასდეს“,- აღნიშნა რევიშვილმა.
მისი თქმით, ინვესტირების დაწყება მხოლოდ თანხის გადადებას არ გულისხმობს - აუცილებელია ბაზრის შესახებ ინფორმაციის ყოველდღიურად მიღება, სიახლეების თვალყურის დევნება და სხვადასხვა საინვესტიციო მიმართულების შესწავლა.