რატომ შეიძლება იყოს საშიში ბავშვების ფოტოების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნება, რა საფრთხეებს შეიცავს მათი პირადი ინფორმაციის საჯაროდ გაზიარება და რატომ არის მნიშვნელოვანი, მშობლებმა შვილების პირადი სივრცე დაიცვან? ამ საკითხებზე აშშ-ში მცხოვრები კლინიკური ფსიქოლოგი მინდია გაბიჩვაძე საკუთარ პოდკასტში „მაინდსეტ“ საუბრობს. ეპიზოდში განხილულია, რა მოტივები აქვთ მშობლებს ბავშვების ფოტოების გამოქვეყნებისას, როგორ შეიძლება აისახოს ეს თავად ბავშვებზე, რა ხდება მაშინ, როდესაც ბავშვის ცხოვრება ბიზნესის ნაწილად იქცევა და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, სანამ შვილების ფოტოებს ინტერნეტში გააზიარებენ.
როგორც მინდია გაბიჩვაძე აღნიშნავს, მშობლები შვილების ფოტოებსა და ვიდეოებს უმეტესად სიყვარულით, ოჯახთან და მეგობრებთან კავშირის შესანარჩუნებლად, მოგონებების გასაზიარებლად და მხარდაჭერის მისაღებად აქვეყნებენ. თუმცა, მისი თქმით, მნიშვნელოვანია გააზრება, რომ ბავშვს თავად არ აურჩევია, რა ინფორმაცია და გამოსახულება გავრცელდება მის შესახებ ინტერნეტში.
„მშობლების მიერ შვილების ფოტოების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნება, უმეტეს შემთხვევაში, სიყვარულითა და დადებითი განზრახვით ხდება. მშობლებს სურთ, ახლობლებს გაუზიარონ სიხარული, შეინარჩუნონ მოგონებები, მიიღონ მხარდაჭერა და ოჯახის წევრები თუ მეგობრები ბავშვის ცხოვრებაში ჩართონ. თუმცა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ როდესაც ბავშვის ფოტოს ან ვიდეოს ინტერნეტში ვაქვეყნებთ, მხოლოდ იმ ადამიანებს არ ვუზიარებთ მას, ვისთვისაც ეს კონტენტი თავდაპირველად იყო განკუთვნილი.
ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალა შეიძლება დიდხანს დარჩეს ხელმისაწვდომი. მისი გადმოწერა, შენახვა, ეკრანის ანაბეჭდის გაკეთება და სხვა სივრცეში გავრცელება შესაძლებელია ისე, რომ მშობელმა ამის შესახებ არაფერი იცოდეს. ამასთან, ერთი შეხედვით უწყინარი დეტალების გაერთიანებით - ბავშვის სახელის, დაბადების თარიღის, სკოლის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ინფორმაციის მიხედვით, შესაძლებელია მის შესახებ საკმაოდ ვრცელი პირადი პროფილის შექმნა.
განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი ფოტოების გამოქვეყნება, რომლებზეც ბავშვი საცურაო კოსტიუმშია, ბანაობს ან პირად, ინტიმურ მომენტშია გადაღებული. მშობლისთვის ეს შეიძლება ჩვეულებრივი ოჯახური კადრი იყოს, თუმცა არ ვიცით, ვინ ნახავს მას, როგორ გამოიყენებს ან სად აღმოჩნდება ფოტო მომავალში. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა გამოქვეყნებული ფოტო აუცილებლად საფრთხეს შექმნის, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ გაზიარების შემდეგ მასზე კონტროლს ხშირად ვკარგავთ.
მნიშვნელოვანია ბავშვის პირადი სივრცისა და მისი არჩევანის პატივისცემაც. პატარა ასაკში შეიძლება ბავშვს მოსწონდეს, როდესაც მშობელი მის ფოტოებს აქვეყნებს, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად მისი დამოკიდებულება იცვლება. მოზარდს შეიძლება არ სურდეს, რომ მისი ემოციები, ტირილი, პირადი მომენტები ან ისეთი ფოტოები, რომლებიც მისთვის უხერხულია, სხვებისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამიტომ, სანამ ბავშვის ფოტოს გამოვაქვეყნებთ, უნდა ვკითხოთ მას აზრი და პატივი ვცეთ მის პასუხს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, როდესაც ბავშვის გამოსახულება სარეკლამო ან კომერციული მიზნებისთვის გამოიყენება. ასეთ დროს უნდა დავფიქრდეთ, აქვს თუ არა ბავშვს რეალური არჩევანის შესაძლებლობა, შეუძლია თუ არა უარის თქმა და ვინ აკონტროლებს იმ სარგებელს, რომელსაც მისი მონაწილეობა ქმნის. ბავშვის პირადი ცხოვრება არ უნდა იქცეს მხოლოდ კონტენტის ან შემოსავლის წყაროდ.
სანამ შვილის ფოტოს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნებთ, ერთი წუთით შეჩერდით და საკუთარ თავს ჰკითხეთ: მოეწონება თუ არა ეს ფოტო ჩემს შვილს, როდესაც 16 წლის გახდება?
ხომ არ ვაქვეყნებ ისეთ კადრს, რომლის გაზიარებაც მის პირად სივრცეს არღვევს?
იქნებ ამ მომენტის გაზიარება ისე შემიძლია, რომ ბავშვის სახე ან პირადი დეტალები არ გამოჩნდეს?
ზოგჯერ საკმარისია ფოტოს მხოლოდ ოჯახის წევრებს გავუგზავნოთ ან პუბლიკაციის აუდიტორია შევზღუდოთ.
გიყვარდეთ შვილები ხმამაღლა, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მათი ისტორია უნდა დავუტოვოთ მათ“,- ჰყვება გაბიჩვაძე.
ვრცლად, ნახეთ ბმული კომენტარებში: