Digest Logo

როდის არის ცუდი განწყობა დეპრესია? - ფსიქიატრ ნანა ფიფიას განმარტება

1794405451
ნანა ფიფია

ფსიქიატრი ნანა ფიფია დეპრესიისა და ყოველდღიური სტრესით გამოწვეული დროებითი ფსიქოემოციური სირთულეების გამიჯვნის აუცილებლობაზე საუბრობს.

სპეციალისტის თქმით, საზოგადოებაში ხშირად ხდება მდგომარეობის არასწორი ინტერპრეტაცია და თვითდიაგნოსტირება, მაშინ როდესაც კლინიკური დეპრესია კომპლექსური ხასიათის პრობლემაა, რომელიც პროფესიონალურ მიდგომასა და დროულ ჩარევას მოითხოვს.

„დეპრესია განიხილება, როგორც გუნება-განწყობის, ინტერესის პროგრესირებადი დაქვეითება სულ მცირე ორი კვირის განმავლობაში, რასაც თან ახლავს ინდივიდის სოციალური და ფიზიკური აქტივობის მნიშვნელოვანი დაქვეითება. როგორც წესი, დეპრესიის გამომწვევი მიზეზი არის კომპლექსური.

ის შეიძლება იყოს განპირობებული როგორც გენეტიკური, ფიზიოლოგიური, ნევროლოგიური, ასევე ფსიქოსოციალური ფაქტორებით.

აუცილებელია დეპრესიის დიაგნოზი სპეციალისტის მიერ იყოს დასმული. ჩვენ ხშირად გვესმის გარშემომყოფებისგან „ზუსტად ვიცი,დეპრესია მაქვს“, „ არ ვარ განწყობაზე, ცუდად ვგრძნობ თავს და დეპრესია მაქვს“ და ა.შ.

ძალიან ხშირად ადამიანები თვითდიაგნოსტირებას ეწევიან. სწორედ ამიტომაც, აუცილებელია, კლინიკური დეპრესიისგან განვასხვაოთ ის მდგომარეობა, რომელიც არის გამოწვეული ჩვენს ცხოვრებაში არსებული დროებითი სირთულეებით.

არსებობს რიგი მახასიათებლები, რაც მიგვითითებს დროებით ფსიქოემოციურ სირთულეებზე, რომელიც რამდენიმე დღეში ყოველგვარი ჩარევის და სპეციფიკური მკურნალობის გარეშე გადის. ხანმოკლე და თვითკომპენსირებადი მდგომარეობა, რაც არის ცხოვრებისეული გამოწვევების, იმედგაცრუების და სხვადასხვა სირთულეების საპასუხოდ, არ არის დეპრესია. დეპრესიის დიაგნოზის შემთხვევაში, მდგომარეობა მეტად ხანგრძლივად ნარჩუნდება.

დეპრესია მოიცავს როგორც ემოციას, აზროვნებას, ფიზიოლოგიას, ისე ქცევას.

⭕დეპრესიის სიმპტომებია:

✅დათრგუნული და ცუდი გუნება-განწყობილება

✅დანაშაულის განცდა და საკუთარი თავით უკმაყოფილება

✅სიხარულის განცდის და სიამოვნების მიღების უნარის დაქვეითებადა

✅შფოთვა და გაღიზიანება

✅საკუთარი თავის უარყოფითი შეფასება

✅გარემოს უარყოფითი შეფასება

✅საკუთარი მომავლის უარყოფითი შეფასება

✅ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება

✅შენელებული აზროვნებითი პროცესები

✅დარღვეული ძილი

✅დარღვეული კვება და წონის ცვლილებები

✅სექსუალური სურვილების დაქვეითება

✅სისუსტე და დაღლილობის შეგრძნება

✅გაურკვეველი ხასიათის ტკივილები

✅პიროვნებას უჭირს სახლიდან გასვლა და რამის კეთება

✅ინტერესი ადამიანების და გართობის მიმართ დაკარგული

✅მოძრაობითი აქტივობების შემცირება

🔹️ზოგადი პრინციპი დეპრესიის დიაგნოსტირების არის ის, რომ ჩამონათვალიდან რაც უფრო მეტი სიმპტომი ახასიათებს ადამიანს, მით უფრო მაღალია დეპრესიის ალბათობა და სიმძიმის ხარისხი.

🔹️დეპრესიის მკურნალობა რეკომენდებულია იყოს კომპლექსური, რაც გულისხმობს ფსიქოთერაპევტის, ფსიქიატრის და თერაპევტის ჩართულობას.

🔹️უცვლელი რჩება ის გარემოება, რომ დეპრესიის დიაგნოზი აუცილებლად სპეციალისტმა უნდა დასვას.

🔹️რეკომენდებულია დროული მიმართვა სპეციალისტთან, რათა გამოირიცხოს დიაგნოზი, ან დროულად დაიწყოს სწორი და კომპლექსური მკურნალობა“, - წერს ნანა ფიფია.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ რა არის ვიტილიგო, იკურნება თუ არა ის და რა უნდა ვიცოდეთ თანამედროვე მკურნალობის მეთოდებზე

⭕გრანდიოზული ტორტი და მდიდრული წვეულება - ევა ბარბაქაძე დაბადების დღის წვეულებიდან ახალ კადრებს გვიზიარებს

🎥 2 წლის ლილი სულაბერიძის ლექსი საქართველოზე - „მე პატარა ქართველი ვარ“

✕