Digest Logo

„სამი თაობა ერთ სხეულში“ - როგორ შეიძლება წინაპრების გამოცდილება ჩვენს ცხოვრებაზე აისახოს?

1791892199
ფსიქოკონსულტანტი

ფსიქოკონსულტანტი, ტრავმათერაპევტი და ქოუჩი ანა ბულბულაშვილი ეპიგენეტიკის, ტრანსგენერაციული ტრავმებისა და წინაპრების გამოცდილების შესაძლო გავლენაზე „ქალების პოდკასტში“ საუბრობს. მისი განმარტებით, ადამიანის დღევანდელ ემოციურ რეაქციებსა და ქცევებზე შესაძლოა გავლენას ახდენდეს არა მხოლოდ პირადი გამოცდილება, არამედ ოჯახური გარემო და წინა თაობებში გადატანილი მძიმე მოვლენებიც.

როგორც ანა ბულბულაშვილმა პოდკასტში საუბრისას აღნიშნა, ეპიგენეტიკა მისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევითი ინტერესია. სპეციალისტის განმარტებით, გენეტიკური კოდი შეიძლება წარმოვიდგინოთ პიანინოს კლავიშებად, ხოლო ეპიგენეტიკა პროცესად, რომელიც განსაზღვრავს, როგორ „ჟღერდება“ ესა თუ ის კლავიში გარემო პირობების გავლენით.

„ეპიგენეტიკა არის ერთგვარი რევოლუცია გენეტიკასა და ფსიქოლოგიაში. ძალიან მარტივად რომ განვსაზღვროთ, გენეტიკა და დნმ არის ერთგვარი კოდი, რომელიც ადამიანში მუდმივი და უცვლელია, ხოლო ამ კოდის რეაგირება გარემო ფაქტორებზე უკვე ეპიგენეტიკაა, გარემო ფაქტორები შეიძლება იყოს ბიოლოგიური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური თუ სოციალური.

როგორ შეიძლება წინაპრების გამოცდილება შთამომავლებზე აისახოს?

მძიმე სტრესისა და საკვების დეფიციტის გავლენა შესაძლოა მხოლოდ იმ ადამიანებით არ შემოიფარგლებოდეს, რომლებმაც ეს მოვლენები უშუალოდ გადაიტანეს. ანუ ტრავმა არ არის მხოლოდ ის, რაც ჩემს თავს მოხდა. ტრავმა არის ის, რა რეაგირება მქონდა მე იმაზე, რაც ჩემს თავს მოხდა. ერთი და იგივე მოვლენა სხვადასხვა ადამიანზე შესაძლოა განსხვავებულად აისახოს. ამას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანის შინაგანი რესურსები, უსაფრთხოების განცდა და გარემო პირობები. ზოგჯერ ბავშვობაში გადატანილმა გამოცდილებამ შეიძლება მოგვიანებით იჩინოს თავი, თუმცა ადამიანის მიმდინარე სირთულეების მიზეზის დასადგენად აუცილებელია ინდივიდუალური ისტორიის შესწავლა. ის, რომ გავაცნობიერე, ბებიაჩემს ეს გადახდა და მე დღეს ამიტომ ვარ უპასუხისმგებლო - ეს უკვე შენს ხელთ არის. ის, რაც იყო, წარსულია, მაგრამ დღეს არსებობს საშუალებები, რომ შეცვალო. მინიმუმ, საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღო და ცვლილების განზრახვა გქონდეს. თუ მხოლოდ გადაბრალებაზე ვიქნებით, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ბებია იქნება თუ ამჟამინდელი ქმარი - ეს უკვე საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღების შიშია. ილუზიაა - მინდა ფული, მინდა რომანტიკული ურთიერთობები. ეს ყველაფერი ჯავშნებია. რეალურად, ადამიანს დაცულობა და უსაფრთხოება უნდა. ამ პროცესებში ჩვენ ვუბრუნდებით ამ საბაზისო მოთხოვნილებას - არა მხოლოდ იმით, რომ გავაცნობიერეთ, რა გვინდა, არამედ იმითაც, რომ სხეულის დონეზე შევიგრძენით დაცულობა და უსაფრთხოება. გაცნობიერება ყოველთვის საკმარისი არ არის. ზოგჯერ ეს საკმარისია, მაგრამ ჩემს პრაქტიკაში ყველაზე ეფექტურია მუშაობა, რომელიც სხეულისა და ინსტინქტების დონეზე მიმდინარეობს. სხეულის გონი ბევრად უფრო ძველია და ბევრად მეტ გამოცდილებას იტევს, ვიდრე ჩვენი ცნობიერი. შეიძლება გავაცნობიერო, რომ ბებიაჩემს რაღაც გადახდა და ეს დღეს ჩემზე გავლენას ახდენს, მაგრამ შემდეგ უკვე ჩემი პასუხისმგებლობაა, რას გავაკეთებ. წარსული იყო, მაგრამ დღეს შემიძლია ცვლილებისთვის ნაბიჯები გადავდგა. თუ დედა და მამა საკუთარ თავზე იმუშავებენ და შინაგანი დაცულობისა და უსაფრთხოების განცდა ექნებათ, ისინი ბუნებრივად შექმნიან შესაბამის გარემოს საკუთარი შვილისთვის. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შვილს პრობლემები არ ექნება. მნიშვნელოვანია, მშობელს ჰქონდეს შინაგანი უსაფრთხოება და მხარდაჭერა, რომელიც შვილსაც შეუძლია აგრძნობინოს“,- ჰყვება ანა ბულბულაშვილი.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

✕