Digest Logo

ბადრი ესებუასთვის ჩატარებული ოდოროლოგიური ექსპერტიზის პასუხი დადებითი აღმოჩნდა

1678459532
ბადრი ესებუა

საქართველოს ბანკის ძარცვაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ოდოროლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლის პასუხიც დადებითი აღმოჩნდა.

ცნობისთვის, ოდოროლოგიური ექსპერტიზა შემთხვევის ადგილზე არსებული სუნით დამნაშავის იდენტიფიცირებას გულისხმობს.

მანამდე ესებუა აცხადებდა, რომ ბანკის ძარცვის დროს ზუგდიდში არ ყოფილა და ძარცვასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.

ცნობისთვის, შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელი ბადრი ესებუაა და 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვს.

სამართალდამცველთან მოლაპარაკების შედეგად, მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, ესებუამ მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ვრცელდებოდა ცნობები, რომ ის, სავარაუდოდ, ოკუპირებულ აფხაზეთში გადავიდა.

ბადრი ესებუა სამართალდამცველებმა 8 თებერვალს გამთენიისას დააკავეს. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.