თბილისში, ვარკეთილის ტერიტორიაზე 25 წლის, მიშო ქავთარაძე მოკლეს. შემთხვევა დღეს, ვარკეთილში მოხდა. არსებული ცნობით, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის - მოკლულის მამა. დაკავებულია სავარაუდო დამნაშავეც, რომელიც შსს-მ ცხელ კვალზე აიყვანა.
მოკლული ახალგაზრდის დეიდაშვილი, ანი ფაცაცია AMBEBI.GE - თან ჰყვება, რომ თავდამსხმელს მიშო ქავთარაძე არ იცნობდა:
„ჩათვალეთ, რომ მიშო ჩემი ძმაა. იქ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, უკანა ეზოში ვიღაც ბიჭები მოვიდნენ და მათთან შელაპარაკება მოხდა. ჩხუბის დროს ბიძაჩემი - ბესო ჩავიდა ეზოში ბიჭების მოსარიგებლად. ყველაფერი თითქოს გაირკვა, დალაგდა სიტუაცია, მაგრამ ის ბიჭები უკან დაბრუნებულან შეიარაღებულები და მიშოს და მის ძმაკაცებს თავს დასხმიან. ამ ბიჭებს მიშო არ იცნობდა, უბრალოდ, უბნელები ჰგონებია და შორიდან დაუძახიათ, ისინი აშარებიან, გაიარეო, და ამას მოჰყვა მთელი ამბავი. ერთ-ერთს, მანქანაში მჯდომს, რომელიც ამ ამბავს შეესწრო, დაუნახავს, რომ 4 ბიჭი ერთმანეთზე იყო გადაფარებული, ერთმანეთს იცავდნენ - ანუ ჩემი დეიდაშვილი, ბიძაჩემი და მისი ორი მეგობარი ცდილობდნენ ერთმანეთი გადაერჩინათ. ჩვენებს არც ერთს არ ჰქონია იარაღი, ერთმანეთს აშველებდნენ, უბრალოდ. ბიძაჩემს ბევრი მძიმე ჭრილობა მიაყენეს დანით, ის ახლა სიკვდილს ებრძვის, ბიჭებს გადაეფარა.
მეგობრებს გადაფარებული მიშოსთვის უკნიდან "შტირი" (წვრილი და გრძელი, ბასრი საგანი) გაუყრიათ. ბიჭები რომ ყვიროდნენ, დაჭრილები ვართო, დაჭრილმა მიშომ თავისი ხელით ჩასვა ისინი მანქანაში, არც უთქვამს, რომ ისიც დაჭრილი იყო და საავადმყოფოში მისულს გაუჩერდა გული, იქ დალია სული. ბიძაჩემს სასიკვდილო ჭრილობები აქვს გულში, ყელში, ფილტვიც დაზიანებული აქვს.
მიშო დეიდაჩემის ერთადერთი შვილია. დეიდა ემიგრაციაში იყო, 8 წლის უნახავი შვილის სანახავად მოფრინავდა, აეროპორტში უნდა დახვედროდა. გუშინ ჩამოფრინდა, არ იცოდა შვილის ამბავი, მოვატყუეთ, რომ რეანიმაციაში იყო. ისეთი გამწარებულია, მეტი არ შეიძლება... ახლა დასტირის, ყველამ გაიგოს, ერთადერთი შვილი მომიკლეს და მწარედ უნდა დაისაჯონ მკვლელებიო. ამ ამბავს დეიდას გამო არ ვასაჯაროებდით. ის მიკვირს, რომ თქვენს გარდა რეაგირება არავის მოუხდენია და მიჩნდება კითხვა - მკვლელებს ვიღაც ხომ არ მფარველობს? მკვლელები არ ვიცი, ვინ არიან, ჭორის დონეზე ამბობენ, რომ ნახალოვკელები არიან.
შსს-დან რა ინფორმაციაც მივიღე, ყველა დაკავებულია, მკვლელი გუშინ დააკავეს გორში. მათ გვარებს არ გვეუბნებიან... მიშო სწავლობდა, სპორტითაც იყო დაკავებული, პატარ-პატარა ბიზნესებიც ჰქონდა, ძალიან აქტიური, საქმიანი და ინტერესიანი ადამიანი იყო. მას მეუღლე და 2 მცირეწლოვანი გოგონა დარჩა. მოგვიკლეს ბიჭი, რომელიც ქველმოქმედების გარდა არაფერს აკეთებდა. რა ვიცი, საოცარი ბიჭი გამოგვეცალა ხელიდან“, - ჰყვება ანი ფაცაცია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყოველთვის საოცარ ფორმაში ხარ“ - სალომე ჭაჭუა დუბაიდან ახალ კადრებს გვიზიარებს