
ფინანსურ მდგომარეობას ყველა ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ვნახოთ, როგორია მომღერალ მარკუს მეტრეველის დამოკიდებულება ფულისადმი. აღნიშნულ საკითხზე იგი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს:
– ყველაზე დიდი სიამოვნებით რაში ხარჯავთ თანხას?
– მოგზაურობაში, ახალი სიმღერისა და კლიპის შექმნაში, საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების გაკეთებაში, ტანსაცმელში, სუნამოებში, აქსესუარებში. ყველაზე ძვირფასი ახალი სიმღერისა და კლიპის შექმნაა. ეს არ არის თანხის დახარჯვა, ამ გზით ძალიან დიდ ინვესტიციას ვდებ ჩემს შემოქმედებაში და ეს ძალიან მსიამოვნებს. ასევე, ძალიან მოგებიანია ახალი აგარაკის თუ სახლის ყიდვა, ავტომობილის შეძენა.
– თანხის დაგროვება რამდენად გამოგდით?
– თანხის დაგროვება შემიძლია, მაგრამ ანგარიშს რომ ვხსნი და ვხედავ, თანხა მიღიმის, თან მეუბნება, დამხარჯე, მარკოო, მაშინ ნამდვილი ომი იწყება (იცინის). ჩემს თავს ვებრძვი, რომ არ დავხარჯო, ძალიან რთული ბრძოლაა და იმედი მაქვს, რომ ოდესმე გამომივა მოგება (იცინის). პატარა რომ ვიყავი, მაშინ უფრო ვაგროვებდი თანხას კონკრეტული მიზნებისთვის. ახლაც შეიძლება, შევაგროვო რაღაც ოდენობით, მაგრამ ცდუნებას დიდი ხნით ვერ ვუმკლავდები და ერთ დღეს მაინც ბოლოს ვუღებ (იცინის).
– ოდესმე თანხა მოგიგიათ ან ძვირფასეულობა გიპოვიათ?
– კი, საქართველოშიც მომიგია და საზღვარგარეთაც – რამდენიმე ათასი ლარი, რომელიც ჩარიცხული არ იყო, რომ მის სანაცვლოდ ჩემი დავხარჯე, რაც ანგარიშზე მქონდა და ასე გავაბათილე (იცინის). ბავშვობაში ძალიან პატარა კუპიურები მიპოვია, საბერძნეთში კი საკმაოდ დიდი თანხაც ვიპოვე. რაც შეეხება ძვირფასეულობას, მიპოვია სამკაულები, მაგრამ არ ამიღია, რადგან არ მიყვარს სხვისი აქსესუარების გაკეთება, რადგან ის მფლობელის ენერგიას ატარებს.
– თუ დაგიკარგავთ თანხა ან თუ მოუპარავთ რამე?
– დაკარგვა ჩემი სტიქიაა (იცინის). სამწუხაროდ, ძალიან ბევრჯერ დამიკარგავს დიდი თანხა. ძვირფასეულობაზე აღარაფერს ვამბობ. ძალიან მეშინია, რადგან ხშირად მრჩება სამკაულები, მაგალითად, ხელსაბანებთან. ბოლო პერიოდში რამდენჯერმე ტელეფონიც დამრჩა. სამწუხაროდ, ასეთი რამ არაერთხელ მომხდარა. მოპარვას რაც შეეხება, სამწუხაროდ, მოუპარავთ კიდეც, თან საქართველოში, კულისებში, მაგრამ აღარ დავაკონკრეტებ ეს ვინ გააკეთა.
– ფინანსურად ყველაზე რთულად რომელი პერიოდი გახსენდებათ?
– საქართველოში დაბრუნების მომენტი. მაშინ სამსახურის გარეშე აღმოვჩნდი. არ მყავდა სამეგობრო წრე, არავის ვიცნობდი. ძალიან რთული პერიოდი მქონდა. ოჯახზე ვიყავი დამოკიდებული. ზოდიაქოთი ვერძი ვარ და სხვაზე დამოკიდებულება ჩემთვის კატასტროფის ტოლფასია. ის რამდენიმე თვე ყველაზე მძიმე იყო ჩემს ცხოვრებაში. საუბედუროდ, სხვა არასასიამოვნო პრობლემის წინაშეც აღმოვჩნდით. ეს პრობლემა საქართველოში ბევრისთვისაა ნაცნობი. უძრავ ქონებაში ჩავდეთ თანხა, ორი მშენებარე სახლი შევიძინეთ ვაკეში, ყიფშიძის 5-ში და ის სახლები დღემდე ასაშენებელია. ეს ძალიან დიდი ფინანსური ზარალი იყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. დიდი თანხა ჩავდეთ იმისთვის, რომ ორი სახლი გვქონოდა და რეალურად არაფერი მიგვიღია. იმედია, უახლოეს მომავალში ამ დანაკარგს დავიბრუნებთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „შეუდარებელი ქალი“ - ალექსანდრა პაიჭაძე ცეცხლოვან კადრებს აქვეყნებს
🎥 ChatGPT-ის შემქმნელი: 5-10 წელიწადში ქუჩებში ჰუმანოიდი რობოტები ივლიან