აქციაზე მძიმედ დაშავებული კაცი ზაზა ბეღიაშვილი „ტვ პირველთან“ ინტერვიუს დროს აცხადებს, რომ თვალის ბადურა ისეთი დაზიანებული აქვს, რომ მხედველობის ვარიანტი აღარ არის.
აქციის დაშავებული მონაწილე ამბობს, რომ გაზის გაშვების მერე დაშავდა.
„რომ ვთქვა კარგად, კარგად ვერ ვარ, მარჯვენა თვალით ვერ ვხედავ, ცოტა ტვინის შერყევა მაქვს და სისუსტე მაქვს, ექიმმა თქვა, რომ სულ ჩაშლილიაო, ძლივს ააწყვეს, დაშლილი იყო თვალი, უბრალოდ დევს თვალი, თორემ მხედველობის ვარიანტი აღარ არის. გამორიცხულიაო მხედველობა.
დროშა რომ მეჭირა, წყლის ჭავლი გამოუშვეს და რომ შევტრიალდი, მაგ დროს სროლის ხმა იყო და ამ ხმის დროს რაღაც მომხვდა, რა მომხვდა არ ვიცი, პლასტმასის, თუ რეზინის ტყვია იყო, ბალონი, თუ ხელკეტი იყო არ ვიცი, არ ვიცი რა მომხვდა, რაღაც მომხვდა იმ დროს, როდესაც გვერდულად ვიდექი.
გაზი რომ გამოიყენეს, მაგის მერე გაისროლეს. რომელი საათი იყო აღარ მახსოვს, გვიანი იყო. ორი ბიჭი იყო ჩემ გვერდით, ისინი მომეხმარნენ, ჩამიყვანეს სასწრაფომდე, დამაწვინეს და წამიყვანეს ნიუ ჰოსპიტალში, მაგათი ყველასი მადლობელი ვარ, ექიმებისაც, სასწრაფოსიც, იმ ბიჭებისაც“, - აცხადებს ზაზა ბეღიაშვილი.