საბერძნეთში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების ისტორიულ მოგებას და მატჩამდე თორნიკე შენგელიას ბებიის გარდაცვალებას ნაკრების უკანახაზელი დუდა სანაძე გამოეხმაურა:
„თორნიკე შენგელია დუბაიდან თამაშის დღეს, 3 საათზე ჩამოფრინდა. სწორედ ამ ღამეს გარდაიცვალა მისი ბებია. თოკო დარჩა, ითამაშა გუნდისთვის, საქართველოსთვის. ჩვენი გუნდის თითოეულმა კალათბურთელმა ითამაშა და მოიგო თოკოსთვის.
დღეს კიდევ ერთხელ დავანახეთ მსოფლიოს ჩვენი იდენტობა – არასოდეს ვნებდებით. ოვერტაიმში ძალიან რთულ სიტუაციაში ვიყავით, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ.
ესპანეთთანაც თითქმის იდენტური სიტუაცია იყო, მაშინაც ოვერტაიმი ვითამაშეთ და ვაჩვენეთ ქართული სული. როგორც ერთ, ასევე მეორე მატჩის მოგებას ერთი მიზეზი ჰქონდა – ერთად დგომა“, - განაცხადა დუდა სანაძემ.
ცნობისთვის, 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 26 ნოემბერს, გასვლაზე საბერძნეთი 88-92 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა!
მატჩს საოცრად დრამატული დასასრული ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთი გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, საბოლოოდ ჯიკიჩის გუნდმა ოვერტაიმში მეტოქეს აჯობა და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან ყველაზე მეტი ქულა მარკის რიდმა მოაგროვა — 31 წლის კალათბურთელმა 30 ქულა ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ მოხსნა და 3 პასიც მიითვალა.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები 29 ნოემბერს პორტუგალიის წინააღმდეგ თბილისში გამართავს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ რა იყო ქრისტეს მოსვლის მიზანი და რატომ ვერ იჯერებს ადამიანური ბუნება მაცხოვრის აღდგენას
⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 27 ნოემბერს საქართველოში
წყარო: 1tv.ge