განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო შინაარსის პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.
„ჩვენი ცხოვრების მორიგი დღე გათენდა: ვიღაცისთვის - ჩვეულებრივი, ვიღაცისთვის - პირველი, ვიღაცისთვის - უკანასკნელი.
ისე, კაცმა რომ თქვას, „ჩვეულებრივი“ რას ნიშნავს - არაფრით განსხვავებულს, რუტინულს?
ასეთი დღე არ არსებობს - ყველა რაღაცით მაინც გამორჩეული, ორიგინალური და განუმეორებელია!
მისნაირი აღარასდროს გათენდება, რადგან დღე კი არა, ნებისმიერი წამი ერთ კაცშიც კი განსხვავებულია - ყოველი მომდევნო ხომ მეტი გამოცდილებაა.
ძილის შემდეგ თვალის გახელა ახალი დაბადებაა - ის ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ღმერთის მორიგი საჩუქარია.
დაბადების დღეს გილოცავთ ყველას!
ეს სასწაულია (ნეტავ, რატომ არ გვიკვირს ადამიანებს გამოღვიძება?), რომელიც კიდევ ერთხელ გვაძლევს შესაძლებლობას რაღაც კარგი გავაკეთოთ ცისთვის, სამყაროსთვის, სამშობლოსათვის, ერთმანეთისთვის, იდეისთვის, საკუთარი თავისთვის.
განა ეს განსაკუთრებული შესაძლებლობა, უფლება და მოვალეობა არ არის?
დაე, ეს გათენება ღიმილის იყოს და არა ცრემლის.
თუ ცრემლია, სიხარულისად იბადებოდეს.
გაუღიმე ახლობელს, გაუღიმე ნაცნობს, უცნობსაც გაუღიმე, ქუჩაში რომ შეგხვდება.
განა ღიმილიან საქართველოზე მშვენიერი კიდევ შეიძლება ბევრი რამ იყოს?
ჩვენ ყველაფერს შევძლებთ, ყველა პრობლემას დავძლევთ და ერთად ავაშენებთ ძლიერ, სამართლიან და ღიმილიან საქართველოს.
სხვა გზა არც გვაქვს.
მთავარია, სურვილი და ნება გვქონდეს.
და მის აღსასრულებლად გონიერი გარჯა შეგვეძლოს.
სწორედ ამაზე ფიქრი და ბევრი მუშაობა გვმართებს.
მაშინ ის ღიმილიც გამართლებული იქნება - გამარჯვებულებს უხდებათ“,- წერს გია მურღულია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: