Digest Logo

🎥 გენო პეტრიაშვილმა კუბელი მეტოქე 6:0 დაამარცხა და RAF-ის საჩემპიონო ბრძოლაში იასპარეზებს

1795935163
გენო პეტრიაშვილი

პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია Real American Freestyle-ის (RAF) მე-15 ტურნირზე კუბელი მეტოქე იონგერ ბასტიდა 6:0 დაამარცხა.

ქართველმა მძიმეწონოსანმა შეხვედრა სრული კონტროლით წარმართა - მეტოქეს ხალიჩის საზღვრები ოთხჯერ დაატოვებინა, დამატებით ორი ქულა კი კონტრშეტევისას აიღო.

ჩიკაგოში გამართულ ამ დაპირისპირებაში გამარჯვებით პეტრიაშვილმა მძიმე წონის საჩემპიონო ქამრის პრეტენდენტის სტატუსი მიიღო. ტიტულისთვის იგი ამერიკელ უაიატ ჰენდრიქსონს შეხვდება - საჩემპიონო ბრძოლა 19 დეკემბერს ნიუ-იორკში, RAF 16-ზე გაიმართება.

ეს პეტრიაშვილის მეორე წარმატებაა აღნიშნულ ორგანიზაციაში. სადებიუტო შეხვედრა მან ივლისში, საქართველოში გამართა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ჯეიკ ვარნერი 10:0 დაამარცხა.

RAF-ში ჩატარებულ ორ ორთაბრძოლაში ქართველ მოჭიდავეს ჯამში 16 ქულა აქვს დაგროვებული, საკუთარი ქულა კი ჯერჯერობით არცერთ მეტოქეს არ აუღია.

✕