გოგა ჯაჯვანი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია! ლუკა სილაგაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია!
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
„ჯაჯვანმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის 2 რეკორდი დაამყარა. სილაგაძემ 1 ბრინჯაოს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე U20 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ორმა წევრმა, ლუკა სილაგაძემ და გოგა ჯაჯვანმა (95 კგ.) იასპარეზეს.
კონტინენტის პირველობის ფიცარნაგზე 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ავთანდილ გახოკიძის ხელმძღვანელობით გოგა ჯაჯვანმა ატაცში 167 კგ. დაძლია, ევროპის ჩემპიონობა იზეიმა და ევროპის რეკორდიც დაამყარა! ჯაჯვანმა კონტინენტის რეკორდი 1 კილოგრამით გააუმჯობესა.
ჯაჯვანმა აკვრაში დაძლეული 208 კილოგრამით კვლავ ოქროს მედალი მოიპოვა, ასევე ოქროს მედალი დაისაკუთრა ორჭიდში მოგროვილი 365 კილოგრამითაც. ძალოსანმა ორჭიდშიც ევროპის რეკორდი 4 კილოგრამით გააუმჯობესა!
ლუკა სილაგაძემ კი ატაცში თავი 160 კილოგრამს გაართვა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ევროპის პრიზიორი გახდა!. აღსანიშნავია, რომ ვერცხლისმედალოსანმაც იგივე შედეგი დააფიქსირა, თუმცა ძალოსნობის წესების თანახმად უფრო მაღალი სინჯის მედალი მას ეკუთვნის, ვინც წონა პირველმა დააფიქსირა.
ლუკა სილაგაძეს აკვრაში დაძლეული 189, კილოგრამით მე-4 საფეხური ერგო. ორჭიდში მოგროვილი 349 კილოგრამით კი ვერცხლის მედალი მოიპოვა და ევროპის ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა!“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.