პროფესორმა და მკვლევარმა ალიკო (ალეკო) ცინცაძემ პოდკასტში „ჰარმონია - გზა შემეცნებისკენ“ სტუმრობისას განაცხადა, რომ ქართული ენა და ანბანი დაშიფრული სისტემაა, რომელიც უძველესი ცივილიზაციების ცოდნას ინახავს, ხოლო მისი გაშიფვრა ჰემატრიული ალგორითმებით ხდება. მკვლევარმა ასევე ისაუბრა თავის ახალ წიგნზე - „კავკასიური იოგას ჰემატრიული ნაშთები“ და მომავალ 5000-სიტყვიან კრიპტოგრაფიულ ლექსიკონზე, ასევე შეეხო კავკასიური იოგას, შუმანის რეზონანსის, გენეტიკური მეხსიერების, ბაბილონის, კოლხეთისა და იბერიის საკითხებს.
„ის ენა, რომელზედაც ჩვენ ვლაპარაკობთ, არის ხელოვნური ენა, რადგან იმ პერიოდში გრამატიკა არ არსებობდა, რიცხვებზე ჯდებოდა ეს ყველაფერი. ქართული ანბანური მატრიცა... სამი ძირითადი ალგორითმია: ერთი, რიგითი სათვალავების შეკრება, მეორე, რიცხვნიშნების შეკრება და მესამე, ეგრეთ წოდებული ფარული რიცხვის შეკრება. სწორედ ამ რიცხვითი ლოგიკით დგება სისტემა, სადაც სიხშირეებს ვითვლი და სიხშირეების დათვლიდან გამომდინარე მე ზუსტად ვიცი, რა როგორ არის და რამდენად არის შემთხვევითობა.
ეს ყველაფერი თავის დროზე ერთიანი სისტემის ნაწილი იყო, იოგა ცალმხრივად კი არ იყო, იოგა იყო სულიერი და ფიზიკური აღზრდის ჰარმონიული სისტემა, რომელსაც ფაქტობრივად ცხოვრების წესი აქვს. კრიპტოგრაფიაზე რომ ვლაპარაკობთ, ჰემატრიაზე რომ ვლაპარაკობთ, ეს არის ცოდნის დაფარვის მეთოდები. ამ თემებს მივყვებით წიგნებშიც: ბოლო ერთი წლის განმავლობაში ოთხი წიგნი გამოვეცით, მეხუთეზე, კრიპტოგრაფიულ ლექსიკონზე - ახლა მიმდინარეობს მუშაობა და ძალიან მოცულობითი სამუშაოა, სადაც გაშლილია ის თემები, როგორ უნდა განვითარდეს ყველაფერი ეს სახელმწიფოებრივი მიდგომის შემთხვევაში.
საწყისი იმ პერიოდში იყო რელიგია, რომელიც მიიჩნევდა, რომ ღმერთები არის მზე და მთვარე. ფაქტობრივად, სწორი მიმართულებაც იყო, იმიტომ რომ მზის, მთვარის და პლანეტარული მოძრაობა დროში მეტ-ნაკლებად მუდმივი რჩება, ამიტომ მზის და მთვარის პარამეტრებს ზომავდნენ, რიცხვებს ღებულობდნენ, და ასტრონომიული პარამეტრები გარდაისახა მათემატიკაში და რიცხვებში აისახა. ამიტომაც ენა, რადგან იგი დაფუძნებულია რიცხვით მატრიცაზე, მუდმივი რჩება, ხოლო ჩვენი ხორხი და გენეტიკა მომზადებულია იმისთვის, რომ ბუნებრივად წარმოთქვას ის ბგერები, რომელმაც შეიძლება რეაქცია გამოიწვიოს, სხვებმა კი მხოლოდ შეიძლება მიჰბაძონ.
ეს ცოდნა თავისთავად ფართოდ იყო გავრცელებული: მარტო იოგას რომ შევხედოთ, იგი მოდებულია ყველგან, მაიას ტომებიდან დაწყებული, ინდოეთში, ეგვიპტეში ყველგან არის ეს ცოდნა, მაგრამ ამ ცოდნას ერთიანი საფუძველი ჰქონდა. ის ცოდნა, რომელიც მივიღეთ, გავავრცელეთ და გადავეცით სხვა ხალხებს, მათ კი ცალკე მიმართულებით განავითარეს. თუმცა ჩვენს გარშემო ხალხები არ იყვნენ ერთნაირი ინტელექტუალური დონის და ერთნაირი საზოგადოებები არ არსებობდა, აქედან გამომდინარე იყო დაპყრობითი ომები; გარდა ამისა, თვითონ მრევლიც კარგად ვერ გაიგებდა, თუ რელიგიასთან დაკავშირებული ცოდნა მათთვის იოლი გასაგები გახდებოდა, ამიტომ არსებობდა დაფარვის სისტემა.
ისტორიულად კი ბაბილონის გოდოლის მშენებელთა ენის კვალი ძველი წელთაღრიცხვის 612 წელს ნინევიაში დაიკარგა, როცა მტერი შემოვიდა ასურეთში, გაანადგურა ყველაფერი და მათ შორის ნინევიაც. შემდეგ მისი კვალი გამოჩნდა მეოთხე საუკუნეში აქემენიდების კარზე, დარიოსის შვილიშვილი გახლდათ ფარნავაზი, იგი ამოდის საქართველოში და ამოაქვს ეს ცოდნა. ამდენად, ქართლის ცხოვრებაში ლეონტი მროველი წერს, რომ იქამდე ქართულ ენას ენაც არ ერქვა, ეს ენა როგორც კი ამოიტანეს და შეერწყა ქართულს, მივიღეთ ის სუბსტრატი, რომელსაც დღეს ძველი ქართული ჰქვია.
პირველი როცა ეს შედეგები გამოვაქვეყნე, როცა დამიპირისპირდნენ, თქვეს, რომ ყოველ 100 წელიწადში ენა 10%-ით იცვლება, ამდენად ის, რაც 5-6000 წლის წინათ იყო, ახლა ჩვენთან სრულიად გაუგებარი უნდა იყოს, მაგრამ ამ ენასთან დაკავშირებით ეს ყველაფერი არ მოქმედებს, ის რიცხვები მუდმივი რჩება... ის 5000 სიტყვა რომ კრიპტოგრაფიული ვიპოვე, გაცილებით მეტი ვიპოვე, მაგრამ ცოტა მომაქვს იმ 5000 სიტყვაში, გარდა იმისა, რომ ერთნაირ რიცხვებზე ჯდებიან, ეს სიტყვები ერთმანეთს ამოწმებენ, ერთმანეთის მოწმედ გამოდიან. მაგალითად, კალთას გარდა არსებობს კვართი, ქართულ ეკლესიას ორი სიწმინდე აქვს: ერთი არის ღვთისმშობლის კალთა გვიფარავს და ჩვენ გვაქვს მაცხოვრის კვართი. ეს სიტყვები ერთმანეთის შემოწმების ფუნქციასაც იღებენ.
წარმოიდგინეთ, უცბად აღმოჩნდა, რომ ბაბილონის გოდოლის მშენებელთა ენას, რომელსაც ბიბლიაში ჰქვია ბაბილონის გოდოლის მშენებელთა ენა, უცბად სახარებაში ჰქვია ლაზარე და იოანეს სახარებაში მე-11, მე-14 თავში ლაზარეს გაცოცხლებაზეა ლაპარაკი. რატომ? იმიტომ რომ თითქოს ისე გამოდის, რომ ამ ენაში ჩადებული იყო ის ინფორმაცია, რომელიც ადამიან-ღმერთად მოსვლის სიტუაციაში საკრალურად უნდა გამეორებულიყო და როგორც ჩანს, ასეც არის.
იოგაში წერია, რომ არსებობს სიტყვა, რომელიც სუნთქვისთვის ფუნდამენტია, რომელიც აძლევს მას საჭირო ვიბრაციას სტიქიის სულების ქარის, ზღვის ღელვის, ქარიშხლის და ასე შემდეგ, გასაღვიძებლად... ეს კრიმანჭულთან და წამღერებასთან ახლოს მდგომი სიტყვები იყო. არსებობს ასეთი რამ, რომელსაც ჰქვია შუმანის რეზონანსი, გერმანელი რადიოფიზიკოსის მიერ აღმოჩენილი მე-20 საუკუნის შუა წელში, რომლის თანახმადაც დედამიწას გააჩნია ვიბრაცია... არსებობს ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომელსაც შეუძლია ეს სიხშირე თავისთვის თვითონვე ასწიოს.
ორი ვარიანტია, რომელზეც მეცნიერები ფიქრობენ: ერთი, რომ ეს ყველაფერი სულთან არის დაკავშირებული... მეორე მიმართულებაა, რომ ჩვენ ინფორმაციას ვიღებთ გენეტიკიდან. რატომ არ შეიძლება ჩვენ ჩვენი გენეტიკიდან გამოვიძახოთ ინფორმაცია განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა მარხვა გნებავთ ან რაღაც ასეთი ხდება... ჩვენს წინაპრებს მოგონილი ჰქონდათ მეთოდი, რომლითაც ყოველგვარი აპარატურის გარეშე შეეძლოთ გაერკვიათ, მოახდინეს თუ არა ცვლილება. მაქსიმალური რეზონანსი მიღწეული იქნება მხოლოდ ქართული სიტყვის გამოყენებით.
ქართული ასომთავრული ამ მატრიცის გამეორებაა, მაგრამ ასომთავრულში შემოღებულია ახალი სიმბოლოები, რომელიც ქრისტიანულმა რელიგიამ შემოიტანა. კიდევ ერთი წიგნი გამოვიდა ჩემი, რომელსაც ჰქვია „როდის შეიქმნა ქართული ანბანი“, სადაც ვამტკიცებთ, რომ ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულში ქართული ანბანური მატრიცა ჩამოყალიბებულია... მეგრულად ამას ჰქვია „ოროდინი“ , „ორო“ ჩრდილია, აქედან გადავიდა ლათინურში და „ორიენს“ აღმოსავლეთს ნიშნავს, ხოლო „ოროდინიდან“ გამოდის „როდინი“ ქართულში და „როდინა“ - სამშობლო“,- ამბობს ალეკო ცინცაძე.