Digest Logo

„ისეთი მიმოწერებია, რომ მკვდარი წამოიყვანეს მეგი ბაქრაძე კლინიკიდან“ - ახალი დეტალები ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალების საქმეზე

1617463015
ექთანი

ახალგაზრდა ექთნის, მეგი ბაქრაძის ადვოკატებს საქმის მასალები გადაეცათ, რომლებსაც ისინი სამი დღის განმავლობაში ითხოვდნენ. 

ასევე, დღეს მეგი ბაქრაძის ბიძისა და ადვოკატების თანდასწრებით გარდაცვლილის კუთვნილი ტელეფონი დაათვალიერეს და იმ მოკლე ტექსტური შეტყობინებების იდენტიფიცირება მოახდინეს, რომელშიც საუბარია დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციაზე. საქმეში სულ 8 ტომია და ადვოკატები მას ეტაპობრივად გაეცნობიან.

„მოხდა კონკრეტული მოწმეების იდენტიფიცირება, კონკრეტული „ჩატის" მონაწილე პირების მიმოწერის ავტორების იდენტიფიცირება, ვინც საუბრობდა ისეთ მნიშვნელოვან გარემოებებზე, როგორიც არის კლინიკა "იმედიდან" მეგი ბაქრაძის დაგვიანებით ტრანსპორტირებაზე და თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და ისეთი პირების მიმოწერები და შინაარსი არის, რომ მკვდარი წამოიყვანეს მეგი ბაქრაძე კლინიკა „იმედიდან" ,- ამბობს მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი, ნინო ამაღლობელი.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდა მედდას, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მეგი ბაქრაძე კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

მეგი ბაქრაძე 27 წლის იყო, ჰყავდა მეუღლე და 2 შვილი, 7 წლის სალომე და 9 წლის საბა.