უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს ჯამბულათ ხოფერიას სამოქალაქო პანაშვიდი კიევში დღეს, 2 დეკემბერს გაიმართება, რის შემდეგაც მას საქართველოში გადმოასვენებენ.
ჯამბულათ ხოფერიას დაღუპვის მიზეზზე მისმა თანამებრძოლებმა ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მისი გადარჩენა ინტოქსიკაციის გამო ვერ მოხერხდა.
თანამებრძოლების თქმით, ის ერთ-ერთი დაბომბვის დროს ხერსონთან მოიწამლა, მომწამვლელი ნივთიერებით.
„ჯაბა გავიცანი მართვის თვეში, მაგრამ ის იქამდე იყო ჩასული. თითქმის ყველა ცხელ წერტილში ჰქონდა მიღებული მონაწილეობა. ირპენიც ჰქონდა გამოვლილი და ნაბრძოლი. როგორც გითხარით, მთელი 8 თვის განმავლობაში ერთად ვიყავით და ეს იყო უსაყვარლესი ადამიანი ეს იყო ადამიანი სიყვარული და არ ვიცი, როგორც კი საბრძოლო მოქმედებები დაიწყო მომენტალურად ჩავიდა კიევში და მთელი ეს პერიოდი იქ იყო. მისთვის უკრაინისთვის ბრძოლა ეს იყო საქართველოსთვის ბრძოლა. ძალიან მიჭირს ამ ადამიანზე წარსულში საუბარი“, - აცხადებს არჩილ შარვაშიძე.
„ჯაბას დაღუპვის მიზეზი არის ქიმიური მოწამვლა, ის იყო მოწამლული, მკურნალობდა, კარგად იყო, უკვე გაწერეს, მაგრამ იმდენად საშინელი და მძიმე ქიმიურ იარაღს ხმარობს ორკი, რომ უცებ დაიღუპა. ამას არავინ არ ელოდა. დამამახსოვრდება ძალიან ბუმბერაზი ადამიანი, მოდი ასე ვთქვათ, გოლიათი და ძალიან კეთილი ადამიანი“, - აღნიშნავს ნადიმ ხმალაძე.
შეგახსენებთ, უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში გმირულად კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა. ჯამბულათ ხოფერია 28-ე ქართველია, რომელიც უკრაინაში რუსულ აგრესიას ემსხვერპლა.