ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს:
„აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra ) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.
აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
