Digest Logo

„ხალხი ფეხზეა, ცხედარს აქ არ მოვასვენებინებთო“ - ათუაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დასრულდა, გაურკვეველია, სად გადაასვენებენ ყოფილ სამხედროს

1674388497
ნოდარ ათუაშვილია

ნოდარ ათუაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დასრულებულია, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, სად გადაასვენებენ ყოფილ სამხედროს.

„ვითომ იყო საუბარი, რომ აქ უნდა გადმოესვენებინათ, მაგრამ ხალხი გამოვიდა წუხელ და „არაო“. ხალხმა დააყენა ეს საკითხი. ქალბატონი ძალიან წნეხის ქვეშ ჰყავდა, სცემდა, აწამებდა. მეზობლებს ყველას ესმოდათ, მაგრამ ისეთი პიროვნება იყო, ყველას ეშინოდა.

პირადად მე არ შემხვედრია, მაგრამ აგრესიული რომ იყო ყველასთვის, ეგ ვიცით. პოლიცია კიდევ გვიცავს აგერ ჩვენ, რომ არაფერი მოხდეს აქ. გამწარებული ხალხია, 5-5 ოჯახი გამწარდა. ხალხი გამწარებულია და არაფერია გამორიცხული. შოკში ვარ ყველა“, - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

„მეზობლები, კაციშვილი არავინ იცნობს, სად უნდა მოასვენონ? ვის უნდა მოუსვენონ აქ? ვინ ჰყავს? ხალხი ფეხზე დგას, აქ არ მოვასვენებინებთო, სადაც უნდა იქ წაიყვანონო“,  - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ცნობისთვის, 20 იანვარს, ღამის საათებში, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო.

გამოძიების ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილია 5 პირი. გარდაცვლილია სულ 6 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი და, ასევე, თავდამსხმელი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

თავდამსხმელი საგარეჯოს მკვიდრი 49 წლის კაცია.