რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოების Asia Pacific Screen Awards - APSA გამარჯვებული გახდა ნომინაციაში „საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი“.
საქართველოს ეროვნული კინოცენტრი რეჟისორსა და ფილმის შემოქმედებით გუნდს საერთაშორისო აღიარებას ულოცავს. კინოცენტრის განცხადებით, APSA-ს ჯილდოს საერთაშორისო პროფესიული საზოგადოება „აზიურ ოსკარად“ მოიხსენიებს.
„ვულოცავთ რეჟისორ ლევან კოღუაშვილსა და „გურიას“ შემოქმედებით გუნდს აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოებაზე (Asia-Pacific Screen Awards) მოპოვებულ უმაღლეს აღიარებას - გამარჯვებას ნომინაციაში „საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი“.
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, რომელიც მსოფლიო კინოინდუსტრიის უდიდეს ნაწილს აერთიანებს, APSA-ს ჯილდოს საერთაშორისო პროფესიული საზოგადოება „აზიურ ოსკარად“ მოიხსენიებს. ამ პრესტიჟულ ფესტივალზე მოპოვებული მთავარი პრიზი ქართული კინემატოგრაფის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აღიარებაა.
აღსანიშნავია, რომ პროექტი განხორციელდა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერითა და დაფინანსებით. ამასთანავე, სწორედ ეროვნული კინოცენტრის სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, ფილმი „გურია“ წარდგენილია საქართველოს ოფიციალურ განაცხადად ამერიკის კინოაკადემიის 99-ე დაჯილდოებაზე („ოსკარი“), ნომინაციაში „საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმი“.
ვუსურვებთ ფილმს წარმატებულ საერთაშორისო ასპარეზს!“,- აღნიშნულია კინოცენტრის განცხადებაში.
