მებრძოლმა დიანა ჯოჯუამ „იუთუბიზე“ CrystalSport-ის არხზე ინტერვიუში საკუთარ სამომავლო გეგმებზე, აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე, მერაბ დვალიშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და RAF-ის ტურნირზე ისაუბრა.
ჯოჯუას თქმით, ამ ეტაპზე ჩხუბებში აქტიურად აღარ გამოდის, თუმცა კარგი შეთავაზების შემთხვევაში დაფიქრდებოდა. მისი განმარტებით, ჭიდაობა განსაკუთრებით უყვარს, რადგან ნაკლებად ტრავმულია, და საქართველოშიც სიამოვნებით იჭიდავებდა - მათ შორის RAF-შიც, თუ თანაბარი დონის MMA-ის მებრძოლი მეტოქე გამოჩნდება.
ინტერვიუში დიანა ჯოჯუამ აბუ-დაბიში მომხდარი ამბებიც გაიხსენა, სადაც მეგობრის ჭიდაობის გამო ჩავიდა და მერაბ დვალიშვილის ბრძოლასაც დაესწრო. მისი თქმით, ინციდენტის მომენტში მაღაზიაში იყო გასული და დაბრუნებულს უკვე დაპირისპირების შესახებ შეატყობინეს.
„ჩხუბები ხდება, ბოლო-ბოლო ეს სპორტიც არის, მაგრამ არ არის ლამაზი, როცა უკნიდან მოდიხარ და რაღაც ასე ხდება... თუ რამეზე ნაწყენი ხარ, სხვანაირად უნდა მოსთხოვო პასუხი. ვინც მერაბის ვერ იტანს და მაინც იცავს
უსმანს, ისინიც აღიარებენ იმას, რომ მერაბი აი მაგარი ტიპი არის.
როგორც მერაბისგანაც ვიცი, ჩხუბის მერე ლიფტში გაგრძელდა ამბავი, იქ შეხვდნენ ერთმანეთს. ანუ, ხომ იჩხუბეს და მერე ყველა თავის გზაზე წავიდა, სანამ პოლიცია მოვიდოდა - იმიტომ, რომ აბუ-დაბიში ზოგადად კამერებია ყველგან... პოლიციაც ძალიან მალე მოვიდა.
მოკლედ, სანამ პოლიცია მოვიდოდა, მერაბს ეტყობა ნომერში ასვლა უნდოდა, ლიფტში შეხვდა უმარს და კიდევ ლიფტში მოუვიდათ ჩხუბი. როგორც მერაბი ამბობს - თავი დავანებე, ნაცემი იყო, როგორც ხედავდით, თვალი ჰქონდა დასისხლიანებული, მაგრამ მაინც დაესხა თავს და კიდევ ჩხუბი იყო ლიფტშიო. უმარიც დაკავებული იყო უსმანთან ერთად. თავიდან გამიკვირდა, მეთქი - კადრებში არ ჩანს... მერე ბიჭებმაც თქვეს, რომ კულისებს მიღმა მოხდა რაღაცო, ლიფტთან კიდევ ერთი ამბავი იყოო. მერაბიც მოჰყვა, რომ ლიფტში უმარი მივიდა და ისევ დაიწყო ჩხუბი. მაგის კადრები აღარ არის, რადგან ალბათ გადაღება აუკრძალეს, მაგრამ ეს ამბავი პირადად მერაბისგან ვიცი. ტყუილად არ დაიჭერდნენ ფაქტია, კადრებში არ ჩანს, მაგრამ დაჭერილი იყო, ანუ ნამდვილად მოხდა. სასტუმროში ყველგან კამერებია, ლიფტშიც კამერებია და უაზროდ არ დაიჭერდნენ.
როგორც ვიცი, ზუსტი ინფორმაციაა, რომ ჩხუბში მონაწილეების გარდა, ორი ჟურნალისტიც დაიჭირეს იმის გამო, რომ შეკრულები იყვნენ - სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, კამერები ჩართეს და უცდიდნენ. უეჭველი იცოდნენ, რას ჰქვია კამერა ამოიღეს და გადაღება დაიწყეს... წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო. ვის აწონებდნენ თავს და როგორ, არ ვიცი, მაგრამ რა რეაქციაც მოჰყვა შემდეგ და რა „ჰეითიც“ მიიღეს მაგ საქციელის მერე, ნახეთ ყველამ... საზიზღარი საქციელია, რა უნდა თქვა მაგაზე, არ არის ეს ლამაზი. ჩვენი ბიჭი საბა {ლაზიშვილი} გაგლიჯა ყველა, ძალიან მაგარი ბიჭი აღმოჩნდა“,- ჰყვება დიანა ჯოჯუა.
სოციალურ ქსელებში საკუთარი განცხადებების გამო მიღებულ კრიტიკაზე საუბრისას დიანა ჯოჯუამ განაცხადა, რომ მისთვის ადამიანის ეროვნებას ან რელიგიას მნიშვნელობა არ აქვს და მთავარი ადამიანობაა. რაც შეეხება RAF-ის ტურნირს, მისი თქმით, მომხდარმა ამბებმა ღონისძიების მიმართ დამატებითი ინტერესი და მოლოდინი გააჩინა, ხოლო სასტუმროში დაბრუნებულ მებრძოლებს გულშემატკივრები და ახალგაზრდები დიდი ემოციით შეხვდნენ.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო: