Digest Logo

ლიტერატორი და კინოსცენარისტი რევაზ კვესელავა გარდაიცვალა

1713715511
რევაზ კვესელავა

ლიტერატორი და კინოსცენარისტი რევაზ კვესელავა გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი ლიტერატორისა და კინოსცენარისტის, რევაზ კვესელავას გარდაცვალების გამო.

რევაზ კვესელავა დაიბადა 1933 წლის 2 აგვისტოს, მარტვილის სოფელ ნახარებაოში; დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გერმანული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით; მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რედაქტორად; ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კინოსასცენარო განყოფილებაზე; ხანდაზმულობაში, მშობლიურ სოფელ ნახარებაოს დაუბრუნდა და იქვე აღესრულა, 2024 წლის 20 აპრილს.

ღრმა და მნიშვნელოვანია ქართულ კინემატოგრაფში, ლიტერატურულ და საზოგადოებრივ აზროვნებაში მის მიერ შეტანილი წვლილი.

რეზო კვესელავა იყო არაერთი ქართული კინოფილმის სცენარის ავტორი. საკმარისია, დავასახელოთ თენგიზ აბულაძის „ვედრება“ და ალექსანდრე რეხვიაშვილის „გზა შინისაკენ“. ამ ფილმებით, იგი დიდ რეჟისორთა თანაშემოქმედად გვევლინებოდა.

უაღრესად ერუდირებული და იშვიათი გემოვნების ლიტერატორი თავის ცოდნასა და გამოცდილებას უშურველად უზიარებდა კოლეგებსა და სტუდენტებს. მასთან ურთიერთობა ყველას ამდიდრებდა. მნიშვნელოვანია, რომ მისი ნააზრევი თავმოყრილია წიგნებში („საგნები ჩვენთვის“, „მოგონებები ქართველ კინემატოგრაფისტებზე“), რომლებიც აქტუალურობას არასდროს დაკარგავენ.

ბოლო ათწლეულები რევაზ კვესელავამ მშობლიურ სოფელში გაატარა. იქ ხელახლა დამკვიდრებული, დიდად ემადლიერებოდა ფონდ „ქართუს“, რომელმაც ხანდაზმულობისა და ავადობის მძიმე წლები შეუმსუბუქა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს რევაზ კვესელავას ღვაწლსა და ხსოვნას“, - წერია სამძიმრის წერილში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

როგორ დაეხმაროთ საკუთარ თავს, თუ რაღაც გადაგცდათ

„თუ ძალისხმევას მივმართავთ, ჩვენში დაიწყება გამოსვლა იმ ცხოვრებიდან, რომელშიც არის ამდენი ცოდვა და სიბნელე“ - მეუფე შიო

🎥 თიკა ფაცაცია „ნიჭიერის“ ჟიურის ერთ-ერთი წევრია - რას ამბობს ტელეწამყვანი