
ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში სადებიუტო ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა.
„ხანდახან რეალობა ჩვენი სურვილებისგან განსხვავდება. კოლბიმ კარგი ჩხუბი აჩვენა, ის შესანიშნავი მეტოქეა და ვფიქრობ, UFC-თან კონტრაქტს იმსახურებს.
როდესაც ჩხუბისთვის ვემზადები, ვიცი, რომ სტრატეგია აუცილებლად უნდა გქონდეს, მაგრამ ხანდახან ერთმა დარტყმამ შეიძლება, ყველაფერი შეცვალოს. მე MMA-ის მებრძოლი ვარ და არა მოკრივე, ხანდახან დარტყმებს ვიყენებ, ხანდახან კი ჭიდაობას. ეს ის დღეა, როდესაც ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა იყო. მე ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიყავი. ის ამბობდა, რომ ღრმა წყლებში შემიყვანდა, ახლა ხომ ვხედავთ, ვინ აღმოჩნდა ღრმა წყლებში.
როდესაც შენი ძმა ჩემპიონია, ოქტაგონზე გასვლისას ორმაგი პასუხისმგებლობა გეკისრება. ვერ ვიტყვი, რომ მსოფლიოსთვის რაღაცის ჩვენება, ან დამტკიცება მსურდა, უბრალოდ მაქვს ამბიციები, მაგრამ სხვა რამისთვის ვჩხუბობ - ჩემი ოჯახისთვის, საკუთარი თავისთვის და ჩემი პრინციპებისთვის“, - განაცხადა ალექსანდრე თოფურიამ.
ცნობისთვის, ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში პირველი ბრძოლა ჩაატარა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ავსტრალიელი კოლბი თიქნესი დაამარცხა.
29 წლის თოფურიამ მეტოქეს სამივე რაუნდი მოუგო. პირველ ორ რაუნდში ბრძოლა, ძირითადად, დგომში მიმდინარეობდა და ალექსანდრე კრივით ცდილობდა უპირტარესობის მოპოვებას, ხოლო მესამე რაუნდში თიქნესს ჭიდაობაშიც აჯობა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: