დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება.
ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ სახიერმა ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა. ეს დღე არის დასაბამი „ჩვენი ცხონებისა და გამოჩინება საუკუნოითგან დამალულისა საიდუმლოისა“.
უფალმა იესო ქრისტეს შობამდე დიდი ხნით ადრე აღუთქვა კაცობრიობას, რომ მხსნელს, მესიას მოუვლენდა, რომელსაც შობდა ქალწული და უწოდებდა სახელად ემანუელს, რომელიც ითარგმანება როგორც „ჩვენთარ არს ღმერთი“. ჭეშმარიტად, ღვთის განკაცებით ჩვენთან არს ღმერთი.
და აი, მიავლინა უფალმა მთავარანგელოზი გაბრიელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში ქალწულ მარიამთან, რომელიც დაწინდული იყო იოსებზე, დავითის მოდგმის შთამომავალზე.
წარუდგა ანგელოზი ქალწულს და უთხრა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“. მარიამი შეაძრწუნა მისმა სიტყვებმა და გაიფიქრა: „ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე?“ - რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? ანგელოზმა უთხრა: „ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ“.
მარიამის ძეს ღმერთი დავითი საყდარს ანუ ისრაელის სამეფო ტახტისა და იაკობის სახლზე - ისრაელის თორმეტ ტომზე - საუკუნო (მარადიულ) სუფევას აღუთქვამს. მარადიული მხოლოდ ღმერთია, ხოლო „იაკობის სახლი“ უფლის მხილველი, მორწმუნე ერია, რომელიც სულით უფალთანაა შეერთებული.
ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელია ქალწულისაგან უმამაკაცოდ შობა. ღვთისმშობელი, რადგან ქალწულების აღთქმა ჰქონდა დადებული, იკითხავს: „ვითარმე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?“ ანგელოზი მიუგებს: „სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ“, - და ნიშანსაც აძლევს: მისი ნათესავი, მოხუცი ელისაბედი, უკვე მეექვსე თვეა, რაც მიდგომილია.
მარიამმა, როცა ყოველივე გამოწვლილვით გაიგო, დამორჩილდა, მიენდო უფალს და ღვთის ნებას თავისი ნება შეუერთა: „აჰა მხევალი უფლისაჲ, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა“. და მეყსეულად შევიდა სულიწმიდა ქალწულის შეუგინებელ ტაძარში.
რითი დაიმსახურა ქალწულმა მარიამმა ესოდენი მადლი ღვთისა, რომ ადამის მთელი მოდგმიდან სწორედ ის აირჩიეს ღვთის განხორციელების მსახურად? იმით, რომ იგი ყოველი სათნოებით იყო შემკული, რამდენადაც ეს ადამიანის ბუნებისთვისაა შესაძლებელი, და იყო ჭეშმარიტი ტაძარი ღვთისა. განსაკუთრებით აღნიშნავენ მის სიმდაბლესა და სიმშვიდეს - სწორედ ამ სათნოებათა გამო გამოირჩია იგი უფალმა.
ქალწულ ღვთისმშობელზე ასეთი გადმოცემა არსებობს: როდესაც იგი ესაია წინასწარმეტყველის წიგნს კითხულობდა, იქ, სადაც წერია: „აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“, - თურმე შეყოვნდა, გაიფიქრა, რა ნეტარი იქნება ის ქალწული, რომელზეც ეს ითქვაო და ღმერთს შეევედრა, მისი ხილვის ღირსი გამხდარიყო, რათა მხევალივით მომსახურებოდა მას.
სწორედ ამ სიმდაბლის გამო იყო, რომ მთავარანგელოზმა ესოდენ სულგრძელად დაუთმო ქალწულ მარიამს, რომელმაც ზეციურ მახარებელს ნათქვამის დამტკიცება და ახსნა მოსთხოვა. არცთუ დიდი ხნის წინ გაბრიელი მღვდელ ზაქარიას გამოეცხადა და შვილის შეძენა ახარა, მაგრამ მღვდელმა არ დაუჯერა, რადგან ისიც და მისი ცოლიც ღრმად მოხუცებულნი იყვნენ. მთავარანგელოზი განურისხდა მას და დაადუმა, ვიდრე წინასწარმეტყველება ახდებოდა. ყოვლადწმიდა ქალწულს კი არამცთუ არ უსაყვედურა, არამედ დიდი კრძალვითა და მოთმინებით დააჯერა იგი და არ განეშორა, სანამ მორჩილებითა და სასოებით აღსავსე სიტყვები არ გაიგონა მისგან. მიზეზი ის გახლდათ, რომ ზაქარიამ თავისი ეჭვით ღრმად დაფარული ურწმუნოება გამოხატა, ყოვლადწმინდა მარიამმა კი - მორჩილება და სიმდაბლე.
ღმერთს არ სურდა, იძულებითა და შიშით აღგვასრულებინოს რომელიმე საქმე ან, პირიქით, დაგვიშალოს რაიმეს კეთება. იგი გულმოწყალეა, სამართლიანი, წმინდა და სურს, ჩვენც ასეთივენი ვიყონ, მაგრამ კი არ გვაიძულებს სიკეთეს, არამედ შეგონებით, დარიგებით, სწავლით, სიყვარულით მივყავართ მისკენ. მას სურს, რომ ჩვენი ნებით აღვასრულებდეთ ყოველ კეთილ საქმეს.
რა იარაღითაც იღვაწა ეშმაკმა ჩვენი დაცემისათვის, იმავე იარაღით გვიხსნა ქრისტემ; თუ ევას საქციელმა ადამის მოდგმას ცრემლი მრავალგზის დაადინა, ქალწულმა მარიამმა უდიდესი სიხარული მოუტანა. ღვთისმშობლის ერთ-ერთი ეპითეტია „განმანათლებელი“, ნიშნად იმისა, რომ სიბნელეში მყოფ კაცობრიობას მის მიერ გამოუბრწყინდა მზე სიმართლისა და მორწმუნეთა გონება განანათლა.