ცნობილი ხდება რატომ შეიჭრა „საქართველოს ბანკის“ თავდასხმის საქმეზე დაკავებული გრიგოლ ნარსია. მას შვილი ჰყავს, რომელსაც გულის მანკი აქვს. ბრალდებულის თქმით, თანხაც ამ მიზეზის გამო სჭირდებოდა.
ქუთაისში ბანკზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულს ბრალი ამ დრომდე არ წარსდგენია.
მის ინტერესებს „იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატები იცავენ.
მათი თქმით, საქმის მასალებს ჯერ არ გასცნობიან. უკვე შეხვდნენ დაკავებულს, რომელიც თავდასხმის მოტივზე საუბრობს. როგორც დაკავებულმა ადვოკატს განუცხადა, ბანკში შვილის ოპერაციისთვის საჭირო თანხის გამო შეიჭრა, რაც შეეხება ასაფეთქებელ ნივთიერებას, ადვოკატის ინფორმაციით, ის არ იყო ნამდვილი და მძევლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა, თუმცა მისი ნამდვილობა ექსპერტიზამ უნდა დააზუსტოს.
„გრიგოლ ნარსიას მიმართ ბრალის წარდგენა შესაძლოა, დღეს მოხდეს, თუმცა არც ის არის გამორიცხული დღეს ვერ მოესწროს და ხვალ წარუდგინონ ბრალი, რადგან ბრალის წარდგენა დაკავებიდან 48 საათში ხდება. შემდეგ კი ბრალის წარდგენიდან 24 საათში სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს. ჯამში 72 საათში. შესაბამისად, ამ დროისთვის ბატონ გრიგოლს ბრალდება წაყენებული არ აქვს. მასალებს ჩემი ოფისი და ოფისის ადვოკატები ჯერ არ იცნობენ, ვინაიდან სანამ ბრალს არ წარუდგენენ არ მოხდება მასალების გაცნობა. არის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ მას ერთი შვილი ჰყავს გულის მანკით დაავადებული. მას არ აქვს სახსრები იმისა, რომ უმკურნალოს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რადგან სახელმწიფო ვერ ეხმარება ვერაფერში, შვილის გადარჩენის ერთადერთ მიზეზად და მიზნად, ასე ვთქვათ დაისახა ის, რომ მისთვის ემკურნალა და კონკრეტული სახსრები მიეღო ამ კონკრეტული ქმედებისგან და გადაეყვანა შვილი შესაბამის ქვეყანაში, სადაც მას უმკურნალებდნენ. შვილი არასრულწლოვანია“, - განუცხადა „დაიჯესტს“„იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ლევან ჭელიძემ.
დაკავებული ამ დრომდე წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება.
ასევე დაგაინტერესებთ👇