Digest Logo

მსურს, „მთავარმა არხმა“ აჩვენოს მეტი ნეიტრალურობა და მიუკერძოებლობა - ნიკა გვარამია

1688105479
ნიკა გვარამია

„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ პირველ სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას საკუთარ გეგმებსა და განახლების საჭიროებაზე ისაუბრა. 

„ჭკუაა პირველ რიგში, იმის გაცნობიერება, რომ შენ არ შეესაბამები რეალობას, ანუ არ ხარ მოთხოვნის სიმაღლეზე, კონტექსტში არ ზიხარ და დაკარგული ხარ საზოგადოებისთვის იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი თავის „აფდეითს“ არ გააკეთებ. დროის ჩამორჩენა ხომ ყველაზე დიდი კატასტროფაა რაც შეიძლება დაემართოს ადამიანს, რომლისთვისაც სოციალური ცხოვრება მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ნიკა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, სურს, რომ „მთავარი არხი“ განახლდეს.

„მე მინდა, რომ ამ ტელევიზიას ახალი სუნთქვა ჰქონდეს, აჩვენოს უფრო მეტი ნეიტრალურობა და მიუკერძოებლობა“, - ამბობს ნიკა გვარამია.

გვარამიას აზრით, განახლება სჭირდება ქართულ პოლიტიკასაც, თუმცა მისივე თქმით, ამის ჭკუას ქართველი პოლიტიკოსების ნაწილში ვერ ხედავს.

„მე ვხედავ ადამიანებს პოლიტიკაში, ვისაც აქვს ჭკუა, მაგრამ ყველაში ამ ჭკუას ვერ ვხედავ და მეტსაც გეტყვით, საჭიროებასაც ვერ ვხედავ, რომ ზოგი ქართულ პოლიტიკაში იყოს. ასე ხომ არ იქნება სულ, როგორც ახლა არის? - ეს იქნება არჩევნები, რომელიც ძალიან ბევრ ზედმეტობას ჩამოაცილებს ქართულ პოლიტიკურ სხეულს. ჩვენ თუ გვინდა სიახლეები და ვამბობთ, რომ ვიღაცები მოძველდნენ, ან რაღაც ვითარება მოძველდა, ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ როცა ამ მოძველებულ ვითარებას ისევ იმავენაირად ავსახავთ, როგორც მანამდე, ჩვენც მოვძველდით ესე იგი და რაღაცა უნდა შევცვალოთ. მე მგონია, რომ ამ გზით უნდა წავიდეთ“, - ამბობს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალების აქტს მოაწერა ხელი. „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 23 ივნისს დატოვა.