ოფიციალურად, გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის ფეხბურთელია.
„ვალენსიამ“ გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულში“ ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.
ქართველი მეკარე 1-წლიანი იჯარით „ვალენსიაში“ დარჩება, მერსისაიდულ კლუბს კი მომავალი სეზონიდან შეუერთდება.
ქართველმა მეკარემ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ახალ კლუბთან 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„ლივერპულმა“ ტრანსფერი სულ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა! მხარეებს შორის €37.5 მილიონიანი გარიგება შედგა.
37 მილიონი ევრო აქამდე არც ერთ ქართველ ფეხბურთელში გადაუხდიათ, ასე რომ, ეს ქართველებში სარეკორდო ტრანსფერია. მამარდაშვილი „ლივერპულის“ ისტორიაში პირველი ქართველია და მიმდინარე ზაფხულს მერსისაიდული გრანდის პირველი შენაძენია.
გიორგი მამარდაშვილი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია, „ვალენსიამდე“ კი, იჯარით „რუსთავსა“ და თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშობდა, ხოლო საქართველოს ნაკრებში 2021 წლიდან დღემდე 21 მატჩი ჩაატარა. 2021 წლის ზაფხულში ის „ვალენსიაში“ იჯარით გადავიდა, 6 თვის შემდეგ კი, ის მილიონ ევროზე ნაკლებად გამოისყიდეს. დღემდე ესპანურ გუნდში ქართველმა მეკარემ 102 თამაში ჩაატარა.
პრემიერლიგაში სხვადასხვა დროს ქართველებიდან გიორგი ქინქლაძეს, თემურ ქეცბაიას, მიხეილ ყაველაშვილს, რატი ალექსიძეს და ზურაბ ხიზანიშვილს უთამაშიათ. ინგლისურ კლუბებში სხვა ქართველებიც ყოფილან და ახლაც არის, გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდში“, მაგრამ პრემიერლიგაში ზემოხსენებული ფეხბურთელების გარდა არავის უთამაშია.
ასევე დაგაინტერესებთ: