„პატრიარქის სახელით თავდასხმა არის ორმაგი დანაშაული“, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე მიშა მშვილდაძე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.
მეუფე ნიკოლოზის თქმით, ცემა და პირადი ანგარიშსწორება არ არის დასჯის სწორი ფორმა.
„ფიზიკური ანგარიშსწორება არის დანაშაული, ძალადობა. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანა თანდათანობით უნდა გახდეს სამართლებრივი. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი დანაშაული უნდა დაისაჯოს კანონის მიხედვით. ცემა და პირადი ანგარიშსწორება არ არის დასჯის სწორი ფორმა. შეიძლება ვიღაცამ რაღაც დააშავოს და დასასჯელი იყოს, ოღონდ ეს არ უნდა გააკეთოს მოქალაქემ.
ფიზიკური ანგარიშსწორება არ არის სწორი. როცა ეს ვინმეს სახელით ხდება და მით უმეტეს პატრიარქის, ეს არის ორმაგი დანაშაული. ადამიანის პირადი სივრცე უნდა იყოს დაცული და სახელმწიფომ ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს“, - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.
შეგახსენებთ, 27 ივნისს მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ . შსს-მ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.