Digest Logo

პირველი ქართველი, რომელიც „მის ნიუ-იორკის“ ტიტულისთვის იბრძვის - „ ძალ-ღონეს არ ვიშურებ ვასახელო ჩემი ულამაზესი საქართველო!“

1720604306
ქართველი მოედლი

თეონა კბილაშვილი წარმატებული ქართველი მოდელია, რომელიც ამერიკაში საქმიანობს. იგი ახლა „მის ნიუ-იორკის“ ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვის, თუმცა აქამდეც, მონდომების, სწავლისა და შრომისმოყვარეობის დამსახურებით, უკვე ბევრ წარმატებას მიაღწია. 

– თეონა, „მის ნიუ-იორკის“ ტიტულის მოსაპოვებლად, პირველად იბრძვის ქართველი გოგონა და ეს თქვენ ხართ. როგორ დაიწყო ეს ამბავი, როგორ ჩაერთეთ აღნიშნულ კონკურსში?

– კადნიერებაში ნუ ჩამომართმევთ და მოგახსენებთ, რომ დიახ, მე შევძელი და ვარ პირველი ქართველი მონაწილე კონკურსზე – ,,მის ნიუ-იორკი 2024'’. ამ კონკურსს წინ უძღოდა ჩემი რამდენიმეწლიანი სამოდელო კარიერა. ერთ-ერთ დიზაინერის შოუს, რომელშიც მე ვმონაწილეობდი, ევროპიდან და აზიიდან მოწვეულ დიზაინერებთან ერთად, ესწრებოდა „მის ნიუ-იორკი 2023“, რომელიც პირადად გავიცანი. მან მომცა მოტივაცია, გადამედგა ეს ნაბიჯი. გამაცნო პირობები და მასწავლა გზა კონკურსზე მოსახვედრად. მოგეხსენებათ, ინფორმაციის ნაკლებობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ამერიკაში. ამ გულახდილობისთვის მისი ძალიან მადლიერი ვარ.

– რთული შესარჩევი პერიოდი გაიარეთ?

– არც თუ ისე მარტივი შესარჩევი პერიოდი გავიარე, იგულისხმება რეგისტრაცია, რამდენიმე გასაუბრება და წარდგენა. კონკურსზე ფასდება არა მხოლოდ გარეგნული მონაცემები, არამედ ინტელექტიც. უნდა იყო ყველა მხრივ საინტერესო და კრეატიული აზროვნებაში.

– რამდენად ძლიერი კონკურენტები გყავთ და როგორ აფასებთ გამარჯვების შანსებს?

– საკმაოდ ძლიერი კონკურენტები მყავს. პირობებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა კონკურსში. მონაწილეებს, რომლებიც ჟიურის წინაშე მეორედ ან მესამედ წარდგებიან მეტი გამოცდილება აქვთ, ვიდრე მონაწილეებს, ვინც ამ კონკურსზე პირველად გავდივართ. მიუხედავად დიდი კონკურენციისა, მგონია, რომ გამარჯვების შანსი დიდია. ძალ-ღონეს არ ვიშურებ, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ სასურველ შედეგს მივაღწიო და ვასახელო ჩემი ულამაზესი ქვეყანა, საქართველო!

– სამოდელო საქმიანობა როდის დაიწყეთ?

– სამოდელო კარიერა 2019 წელს დავიწყე. გავიარე უამრავი ქასთინგი საიდანაც რამდენიმე დიზაინერმა ამირჩია. დასაწყისისთვის პატარა შოუებში მონაწილეობას ვთანხმდებოდი. ნელ-ნელა გამიცნო ხალხმა (მოგეხსენებათ, ყველა სფეროს თავისი შიდა წრე ჰყავს) და მეც უფრო ღრმად გავეცანი ყველაფერს. დროთა განმავლობაში დავიხვეწე და მეტი შემოთავაზება მომდიოდა დიზაინერებისგან დიდ, მასშტაბურ შოუებზე წარსადგენად. იმავდროულად, ჩემით დაინტერესდნენ ფოტოგრაფები და უამრავი ფოტოსესია მქონდა. ყველა ფოტოსესიიდან და შოუდან მოტივირებული ვბრუნდებოდი. მეუბნებოდნენ, რომ ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებდი და შევძლებდი მეტი წარმატებისთვის მიმეღწია. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ გადავწყვიტე, გამევლო კოკო როჩას სამოდელო სკოლა – Coco rocha model camp. კოკო როჩას სამოდელო სკოლამ მომცა შესაძლებლობა, გავმხდარიყავი უფრო თავდაჯერებული. ვისწავლე უამრავი ხრიკი, თუ როგორ წარმედგინა თავი და უკეთესად მემუშავა კამერებთან. ვთანამშრომლობ უამრავ დიზაინერთან, მაქვს უამრავი ფეშენ-შოუ და ფოტოსესია.

– სხვა საქმიანობითაც ხართ დაკავებული?

– ამჟამად ვარ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი. გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ვერ ვახერხებ სხვა საქმიანობა შევათავსო ჩემს დღევანდელ საქმიანობასთან.

– თავად თუ ხართ დაქორწინებული? თუ არ ხართ, მაშინ როგორია თქვენთვის სასურველი მამაკაცი და უნდა იყოს თუ არა ის ქართველი?

– დაქორწინებული არ ვარ. ჩემთვის სასურველი მამაკაცი უნდა იყოს ძლიერი და შემდგარი თავის საქმეში, ასევე, ერთგული, ქართველი და სიმპათიურიც. უნდა მიჭერდეს მხარს იმ საქმიანობაში, რასაც ვაკეთებ.

– ამერიკაში როდის გადახვედით საცხოვრებლად?

– ჩემი ოჯახი გრინ ქარდის ლატარიის გამარჯვებული გახდა და 2014 წელს ნიუ-იორკში გადმოვედით საცხოვრებლად.

– თუ ახერხებთ საქართველოსთან აქტიური ურთიერთობის შენარჩუნებას, სამშობლოში ჩამოსვლას და ასე შემდეგ?

– მიუხედავად ჩემი გრაფიკისა, ვახერხებ მუდმივ კავშირს ჩემს ქვეყანასთან. ჩემი ბებო და ბაბუ, დეიდა და ბიძა, დეიდაშვილები და ბიძაშვილები საქართველოში ცხოვრობენ, ასევე, ჩემი მეგობრები. სამწუხაროდ, რამდენიმე წელია, ჩამოსვლა ვერ მოვახერხე. სულ ვგეგმავ, მაგრამ დროში ვერ ვეტევი. იმედს ვიტოვებ, რომ მალე ვეწვევი ჩემს მონატრებულ საქართველოს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„წითელი შენი ფერია“ - ევა ბარბაქაძე საფრანგეთიდან ახალ კადრებს აქვეყნებს

🎥 52 წლის შემდეგ ხელმეორედ ახსნილი სიყვარული - გაიცანით, წყვილი, რომელთა ურთიერთობაც ნახევარი საუკუნის წინ აჭარაში დაიწყო

⭕  „ეს არის ჩემი აღსარება... არის წუთები, ყველაფრის აღიარების, ხოდა მეც მინდა ზოგიერთი რამ იცოდეს საზოგადოებამ“ - რას წერდა ქეთევან კიკნაძე

წყარო: tbiliselebi.ge