Digest Logo

„რთულია, სიტყვებით გადმოსცე ის უმძიმესი ტკივილი, რასაც განვიცდით თითოეული ქართველი თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს“ - ცოტნე ივანიშვილი

1795245252
ცოტნე ივანიშვილი

ცოტნე ივანიშვილი ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დატრიალებულ ტრაგედიას ეხმიანება.

იგი გარდაცვლილთა ოჯახებს და მთელ ქვეყანას სამძიმარს უცხადებს.

„რთულია, სიტყვებით გადმოსცე ის უმძიმესი ტკივილი, რასაც განვიცდით თითოეული ქართველი თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ჩვენს ქვეყანას ამ მძიმე განსაცდელს. მარადიული ხსოვნა გარდაცვლილთა სულებს“, - წერს ცოტნე ივანიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის 16 ნომერში მდებარე ე.წ. უსინათლოთა დასახლების 5-სართულიან კორპუსში აფეთქება 19 ნოემბრის დილის 9 საათზე მოხდა. ერთ-ერთი სადარბაზოს მე-5 სართულზე გაზის გამათბობლის მწყობრიდან გამოსვლას ნგრევა მოჰყვა. ჩამოინგრა შენობის მზიდი კონსტრუქცია, სრულად განადგურდა სადარბაზოს ცენტრალური ნაწილი, კიბის უჯრედები, სართულებს შორის გადახურვები და ფასადის ნაწილი.

დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. კრიტიკულია 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზი აფეთქდა - ის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, სხეულის 87%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები.

სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. მცირეწლოვანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საერთო ჯამში ნანგრევებში 6 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.

ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

✕