Digest Logo

„შენ იყავი ნამდვილი პატრიოტი და ვაჟკაცი... სატანა სააკაშვილის ბრალია, რაც შენ დაგმართეს“ - ია მეტრეველი ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალებაზე

1755686997
ია მეტრეველი

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს მოკლული ახალგაზრდის, ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი პოლიტიკოს ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ემოციური წერილით გამოეხმაურა.

„ღმერთო, რა მძიმეა... ლევან, როგორ მატკინე გული. შენ იყავი მაგალითი ნამდვილი ქართველი პატრიოტის, ვაჟკაცისა და ნამდვილი თბილისელის.

ყველაფერი ხომ სატანა სააკაშვილის ბრალია, რაც შენ დაგმართეს. ის ბოროტი რეჟიმი მკაცრად გაგისწორდათ შენ და შენს ასევე ვაჟკაც, პატრიოტ ძმას, გიას.

თქვენ არ შეეგუეთ უსამართლობას და წინ აღუდექით ბოროტ რეჟიმს, თავი გასწირეთ, რათა სხვები დაგეცვათ, რისთვისაც მადლობა მინდა გითხრათ ორივეს, ჩემო ძვირფასებო!

ძალიან დაგვაკლდები, ლევან, ჩვენო საყვარელო ადამიანო. მშვიდობით არა, შეხვედრამდე...“, – წერს ია მეტრეველი.

ცნობისთვის, 2025 წლის 20 აგვისტოს 61 წლის ასაკში გარდაიცვალა ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე. ინფორმაციას გაჩეჩილაძის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.

გავრცელებული ცნობით, იგი მძიმე დაავადებას ებრძოდა.

ლევან გაჩეჩილაძე იყო საქართველოს მეხუთე და მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი. არჩეული იყო მეშვიდე მოწვევის პარლამენტშიც. იყო ოპოზიციის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე 2008 წლის არჩევნებზე.

პოლიტიკური კარიერა გაჩეჩილაძემ დაიწყო 1999 წელს, როცა გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი. 1999-2002 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. ის მალევე გამოეყო უმრავლესობას და დავით გამყრელიძესთან ერთად შექმნა პარტია ახალი მემარჯვენეები. 2002 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გაჩეჩილაძე გახდა თბილისის საკრებულოს წევრი მემარჯვენეების სიით. 2003 წელს მას პარტიის წევრებისგან განსხვავებული შეხედულება აღმოაჩნდა ვარდების რევოლუციასთან დაკავშირებით, რის გამოც დატოვა პარტიის თავმჯდომარის პოსტი. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ვაკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „ახალი მემარჯვენეები“. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე. მიიღო ხმათა 25.7%. 2008 წლის 7 ივნისიდან 2008 წლის 20 ივნისამდე პერიოდში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“.