Digest Logo

🎥 შვილის თანდასწრებით მოკლული ცოლი და სიდედრი - უვადო პატიმრობამისჯილის ოჯახი ბავშვზე მეურვეობას ითხოვს

1740939729
გიორგი ფირაშვილი

კაცს, რომელმაც 6 თვის შვილს დედა და გამზრდელი ბებია მოუკლა, 2 ინსტანციის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ის გიორგი ფირაშვილია, რომელიც ახლა თავის გამართლებას უზენაეს სასამართლოში შეეცდება.

სასტიკი დანაშაულისთვის მსჯავრდებულის ოჯახი ობლად დარჩენილ ბიჭზე მეურვეობისთვის იბრძვის, ბავშვზე, რომელსაც, დედის მკვლელობის შემდეგ დეიდა ზრდის.

ეს შემზარავი ისტორია რუსთავის ცენტრში, რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

2024 წლის 22 მაისის დილა - ჩვილ ბავშვს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. ამ დროს დედა და მამა უკვე ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. ცოლ-ქმარმა ბავშვი ექიმთან წაიყვანა. მათთან ერთად იყო, დედის მხრიდან, ბავშვის ბებია. კადრებში, რომელიც საქმის მასალებში იძებნება, კლინიკაში მათი შესვლა ჩანს.

ექიმის დანიშნულების შემდეგ, ისინი შენობას ტოვებენ. ირკვევა, რომ მამა, გიორგი ფირაშვილი იქვე გაჩერებული ავტომობილისკენ მიდის.

დედამ, მარიამ სოფრომაძემ და ბებიამ, ინგა ბეგაშვილმა 6 თვის ბიჭი სკვერში ეტლით წაიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, სულ რამდენიმე წუთში, მათ უკნიდან სანადირო თოფით შეიარაღებული გიორგი ფირაშვილი მიეპარა და სროლა დაიწყო.

სავარაუდოდ, დედის ინსტინქტმა სასიკვდილო დაჭრილ 20 წლის მარიამს შეაძლებინა, რომ ეტლი მოშორებით გაეგორებინა, ბავშვი უვნებელი გადარჩა. დედა და ბებია კი, მიწაზე უსიცოცხლოდ დაეცნენ. 

დამნაშავემ პოლიციაში თავად დარეკა, მაგრამ როგორც შემზარავი შემთხვევის თვითმხილველები იხსენებენ, ბავშვთან არც კი მისულა. სანამ ადგილზე პოლიცია მივიდოდა, ჩვილის დამშვიდება სკვერის დასუფთავების თანამშრომლებმა შეძლეს.

გიორგი ფირაშვილმა სასამართლოში აღიარების პოზიცია დუმილით შეცვალა. მას უვადო პატიმრობა ჯერ რუსთავის სასამართლომ მიუსაჯა, განაჩენი გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციომ უმკაცრესი მსჯავრი ძალაში დატოვა. ეს იყო გარდაცვლილების ოჯახის მოთხოვნაც.

სახის გამოჩენა არ ისურვა, თუმცა ინტერვიუ მისცა მკვლელობისთვის მსჯავრდებულის მამამ. ის, პერიოდულად, შვილთან და რძალთან ერთად, ცხოვრობდა. პატიმრის მამა მომხდარის მოტივს ვერ ასახელებს. ამბობს მხოლოდ იმას, რომ დაობლებულ შვილიშვილზე მეურვეობა სურს.

ბავშვი ახლა წლინახევრისაა. ის ისევ დედის ოჯახში ცხოვრობს, მცირეწლოვნის მეურვე კი დეიდაა. სამართლებრივი დავა მასსა და მკვლელობისთვის მსჯავრდებულის მამას შორის სამოქალაქო წესით მიმდინარეობს.

დაზარალებული ოჯახი ამ დრომდე მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და მედიასთან საუბარი არ სურს. 

სამოქალაქო დავა სასამართლოში რამდენიმე კვირაში განახლდება. ვინ იზრუნებს ბავშვზე - ეს მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს.

დაიხურება თუ არა თავისუფლების კარი სამუდამოდ მამისთვის, რომელმაც საკუთარი შვილი მშობლების გარეშე დატოვა - ეს უზენაესმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ძალიან გიხდება ეს ფერი, ქალღმერთი ხარ“ - ალექსანდრა პაიჭაძის ახალ ფოტოებმა საზოგადოება აალაპარაკა

🎥 „არ დაიჯეროთ, დაკარგავთ თქვენს მონაცემებს, მოიპოვებენ წვდომას, შემოვლენ და წაგართმევენ...“ - ჟურნალისტი მორიგ თაღლითურ სქემაზე

🎥 „სამი თაობა, სამი ისტორია და კავშირი, რომელიც საზღვრებს სცდება“ - ლიკა ევგენიძე ახალ კადრებს გვიზიარებს