სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს დღეს დაკრძალავენ.
საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში წირვა დაიწყება დილის 09:00 საათზე. ღვთისმსახურებას აღასრულებს სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.
12:15 საათზე ტაძარში მიბრძანდება კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I, რომელიც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას.
15:00 საათზე მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.