
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიწვეულია საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მამა თამაზ მოლაშვილი, რომელიც თავისი ვაჟის წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით საუბრობს.
„11 თვის განმავლობაში C ჰეპატიტი რომ ჰქონდა, რას უშხაპუნებდნენ, რას უკეთებდნენ. აქ მედიცინის ხალხიც ძალიან ბევრი დამნაშავეა. ერთმა ექიმმა უთხრა, რომ სხვათა შორის, გაზეთშიც ეწერა, სულხანს C ჰეპატიტი აქვს და „გაჩერდი, ეგ არ თქვა, თორემ ზევით ეწყინებათო“. ეს ზევით ის იყო - სააკაშვილი.
სულხანს ჰყავდა მეგობრები, რომლებიც მოდიოდნენ და ეუბნებოდნენ, სურათს რომ გიღებდნენ მიშა სააკაშვილი გაბღენძილი სიამოვნებით უყურებდა ამას, როდესაც გაწამებდნენო. საშინელ წამებაში ჰყავდათ. 11 თვე რომ არ უმკურნალეს, ძალიან დააავადეს სულხანი იქ. უხაროდათ ეს თუ რატომ აკეთებდნენ არ ვიცი. რომელი ერთი გითხრათ, ისეთ რაღაცებს აკეთებდნენ, მეტი რომ არ შეიძლება“, - განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.
კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი 2004 წლის აპრილში დააკავეს. მას ბრალად ედებოდა სახელმწიფოსათვის 3 მილიონი ლარის ოდენობის მატერიალური ზარალის მიყენება, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა და უფლებამოსილების გადამეტება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რამდენიმე ეპიზოდში ბრალდების მოხსნის შემდეგ კი სასჯელის ზომა 1 წლით შეუმსუბუქა. სულხან მოლაშვილმა საპატიმროში 4 წელი დაყო. 2008 წელს იგი პატრიარქის შუამდგომლობის საფუძველზე გათავისუფლდა. იმავე წელს მოლაშვილმა მისი წამების და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტზე მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, რომელმაც 2014 წელს დაადასტურა, რომ მოლაშვილი იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი და, რომ მოლაშვილის წინააღმდეგ ევროკონვენციის 4 მუხლი დაირღვა. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას საქმის გამოძიება და მოლაშვილისთვის, მორალური კომპენსაციის სახით, 20 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. სულხან მოლაშვილს ღვიძლის დაავადების გამო მკურნალობდნენ საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც, 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: