
„იმ სახლის გამო, რომელიც რეზიდენციის მფლობელობაშია ახლა, მოგვივიდა დაპირისპირება, იყო პირადი შეურაცხყოფები მისი მხრიდან“, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, ვალერი გელაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
„ფულის გადახდას არ აპირებდნენ, მაწვალებდნენ და იძულებული გავხდი, რომ გაზეთში რაღაცები დამეწერა. შემდეგ დამემუქრნენ, რომ გაგისწორდებითო. ვილნიუსში ვიყავი და რომ ჩამოვედი ქალაქის ცენტრში მომიწყვეს თავდასხმა. დამკვეთი იყო მიხეილ სააკაშვილი და შემსრულებლები იყვნენ სპეცსამსახურები, კოდუა და აფხაზეთის სპეცრაზმი, ვანო მერაბიშვილმა ორგანიზება გაუკეთა ამ ყველაფერს. ადრე მიხეილ სააკაშვილმა ოქრუაშვილს სთხოვა და ოქრუაშვილმა უარი უთხრა, შემდეგ ვანო მერაბიშვილი დასთანხმდა და მან შეასრულა. ფუძის ძვალი მქონდა მოტეხილი. იშვიათად, რომ ვინმე გადარჩეს ასეთ შემთხვევაში.
„მიხაილოვის“ საავადმყოფოში სითხეს მისხამდნენ და შარდმდენს არ მიკეთებდნენ, რომ წყლით გავსებულიყო ფილტვები და გავთიშულიყავი - 19 საათში თვითმფრინავი ჩამოფრინდა, ექიმები ჩამოვიდნენ და რომ გამსინჯეს, გაფრენა არ შეიძლებოდა, წყლით იყო ფილტვები სავსე - თვითმფრინავშივე სითხისგან გამათავისუფლეს და ისე გავფრინდით ვილნიუსში, ფუძის ძვლის მოტეხილობა მქონდა.
ოთხი ადამიანი ჩექმებს თავში მირტყამდა“, – განაცხადა ვალერი გელაშვილმა.
ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე საქალაქო სასამართლომ 2016 წელს დამნაშავედ ცნო ყოფილი მაღალჩინოსნები: ვანო მერაბიშვილი, ერეკლე კოდუა და გია სირაძე. ასევე 2018 წელს, გელაშვილის ცემის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.