
„გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი და ცნობილი ფლორისტი ზურა შევარდნაძე საკუთარ გამომწერებს, სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს სიახლეებს.
ამჯერად იგი სტატუსს აქვეყნებს და წითელი პარასკევის შესახებ წერს, ასევე იხსენებს იმ ტრადიციებს, რომელიც გურიაში მის ბავშვობაში ჰქონდათ.
„წითელ პარასკევს ბებია უჩვეულოდ, გვიან ადგებოდა, ვიცოდით ამ დღეს არ ლაპარაკობდა, უბრად იყო.
თმებს არ დაიხვევდა, ფუყედ დაიპწნიდა და მხოლოდ ამ დღეს გვინახავს მისი გაშლილი, შევერცხლილი თმა თალხი, გახუნებული ცახოცის ქვეშ.
მხოლოდ ამ დღეს არ გააკეთებდა სადილს და არც ერთად ვისადილებდით. მარხვას არასდროს ინახავდა, ყველს და პურს, მწნილს, ან რამეს თვითონ წავიხემსებდით.
ამ დღეს არც სტუმარი მოვიდოდა და არც ჩვენ წავიდოდით სადმე. რატომღაც ბებია ცალკე, მარტო საქმეს ირჩევდა ან აბალახებულ კვლებს გამოხილავდა ბახჩაში, ან მოჭვებს ბურდანს შეუუცვლიდა ან გოჭიან ღორებს გარეთ გამოყრიდა და საღორეს კიდისკიდემდე დაალაგებდა.არ მეჩვენებოდა ალბათ, სამძიმო, საბინძურო საქმეს გამოიძებნიდა.
საღამოს აუცილებლად გაწვიმდებოდა, კარგად მახსოვს რომ არც წვიმას მოერიდებოდა, თავშალს არ მოისხამდა, დაწყებულ საქმეს არ დატოვებდა, დაამთავრებდა. გვინ, დაბნელებულზე შემოვიდოდა შინ, მოწესრიგდებოდა, დაგვკოცნიდა სათითაოდ და დაგველაპარაკებოდა, გავიხარებდით.
კულიჩის ცომს მესამედ გადაზელდა, ალუმინის ქვაბებში ჩაალაგებდა და გამოსაცხობად შეაწყობდა, კვერცხებს ოზურგეთელ, პალაჩი ჩაჩანთან ნაყიდი, ნახერხიანი საღებავით შეღებავდა.
უბრად ყოფნა არ გამომდის, მაგრამ დღევანდელ დღეს განგებ არავის დავიხმარ, წისქვილში თითონ ჩამოვფქვავ საუცხოო ხორბალს, ფურნესაც თითონ გავახურებ, ბებიას რეცეპტით კიდევ ერთხელ დავაცხობ რუხ პურებს და საწაულ კულიჩებს, მხოლოდ ჩვენთვის, შინაურებისთვის.
ბებია, რომ იყოს გამიწყრებოდა, ზუსტად ვიცი, მეტყოდა " სა ნახე ბიჯო კაცის გაცრილი და გამომცხვარიო " მარა ასე მინდა და იყოს ასე. ბედნიერი აღდგომა გაგითენდეთ ქართველებო!!!“, - წერს ზურაბ შევარდნაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გამორჩეულად ნიჭიერ ქალბატონს ვულოცავ დაბადების დღეს“ - ნატო გელაშვილი იუბილარია
⭕საიდან იღებს სათავეს კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიცია და აკრძალვა, რომლის შესახებაც უნდა იცოდეთ