Digest Logo

„ცხოვრებაში რა ქარტეხილი არ გამომივლია, ძალიან რთული პერიოდებიც მქონია, თუმცა ოჯახის წევრები ვერ გაიხსენებენ ჩემს დეპრესიულ პერიოდს“ - სოფო მეძმარიაშვილი

1753518650
სოფო მეძმარიაშვილი

მსახიობი სოფო მეძმარიაშვილი თევზების ნიშანს წარმოადგენს. მართალია, თავად ზოდიაქოთი დაინტერესებული არ არის, თუმცა მისი თვისებების ძირითადი ნაწილი ნამდვილად ემთხვევა თევზების ნიშნის თვისებებს. 

სოფო მეძმარიაშვილი: 16 მარტს დავიბადე, ზოდიაქოთი თევზები ვარ. ცხოვრების ამ ეტაპზე ასტროლოგიით დაინტერესებული არ ვარ, უბრალოდ, სადმე თევზების შესახებ თუ შემხვდება ინფორმაცია, წავიკითხავ.

– თევზები ძალიან მეგობრული ადამიანები არიან. ეთანხმები?

– კი, ვინც მიცნობს, ყველა დამეთანხმება, რომ ადამიანებთან საერთო ენას ადვილად ვპოულობ და ძალიან მეგობრული ვარ.

– თევზები ძალიან მეოცნებეები არიან, ხშირად შეიძლება, საკუთარ ფანტაზიებშიც ცხოვრობდნენ...

– ძალიან რეალისტი ვარ, მაგრამ თან, სულ ვოცნებობ. ცალკე საკითხია რამდენად მჯერა მათი ახდენის, მაგრამ ჩემს გონებაში სულ რაღაც ოცნებები ტრიალებს (იცინის). რაც შეეხება ფანტაზიებს, მე დღემდე ჰარი პოტერის სამყაროში ვცხოვრობ (იცინის). თოვლის ბაბუებზე რომ ვუყურებ ფილმებს, თუ ძალიან რეალურად არის გადაღებული, სადღაც გულის სირღმეში ერთი პროცენტით იმედის ნაპერწკალი მიჩნდება, იქნებ მართლა არსებობდეს-მეთქი (იცინის). ვერ ვიტყვი, რომ ეს რამეში ხელს მიშლის, უფრო თავს ვირთობ ამით.

– ძალიან ცვალებადი ბუნება უნდა გქონდეს, რადგან თევზები საოცრად არასტაბილურები არიან, ძალიან სწრაფად ეცვლებათ ხასიათი.

– ასეა, ძალიან სწრაფად მეცვლება ხასიათი. შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს, სამეგობრო წრეში ფანტასტიკურ განწყობაზე ვიყო, ძალიან კარგად ვერთობოდე, მაგრამ მეორე დღეს მათსავე წრეში ხმა არ ამოვიღო, ჩემთვის ვიჯდე და საერთოდ არ ვიყო ხასიათზე. არ მჩვევია, სხვებს კარგი დღე ჩავაშხამო, მაგრამ ასეთ განწყოაბაზე მყოფს თუ გამიღიმია, ძალდატანებით და არა კარგი ხასიათის გამო, რა ვქნა, არის ასეთი მომენტები. ან მომისურვებია რამის ჭამა, მიყიდია და უკვე აღარ მნდომებია. ჩემი ხასიათის ცვლილებას განსაკუთრებული მიზეზი არ სჭირდება. შეიძლება, უცებ ცხოვრებისეულმა დარდებმა შემომიტიოს და წამებში ძალიან პესიმისტი გავხდე. მერე ასევე, წამებში – ძალიან ოპტიმისტი და ასე შემდეგ (იცინის).

– თუ სიყვარულსა და თანაგრძნობას არ იღებენ, საკუთარ თავში იკეტებიან და შეიძლება, დეპრესია დაემართოთ.

– კი ბატონო, მე ვარ ადამიანი, ვისაც მუდმივად სჭირდება სიყვარულისა და თანადგომის გამოხატვა საყვარელი ადამიანებისგან, თუნდაც ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვიერი იყოს, დანარჩენს მე თვითონ გავაკეთებ. მე ის ზოდიაქო არ ვარ, რომელიც მარტო მთებს გადადგმას. შეიძლება, მარტომ გადავდგა, მაგრამ ზურგს უკან მეგობრები უნდა მამხნევებდნენ, ვინმე სიტყვიერ ძალას უნდა მაძლევდეს, თორემ გაკეთებით შეიძლება, ყველაფერი მარტომ გავაკეთო. ჩემთვის მთავარი მოტივაციაა. ბავშვობაშიც ასეთი ვიყავი, უნდა შეგექე, რომ რაღაც საქმე მეორე დღეს უკეთესად გამეკეთებინა. თუ დამძრახავდი რამის ცუდად გაკეთებისთვის, გამორიცხული იყო, იმ საქმეს კიდევ მივბრუნებოდი. ხომ ამბობენ, ქება აფუჭებს ადამიანსო, მე პირიქით, დიდ მოტივაციას მაძლევს.

დეპრესიას რაც შეეხება, ცხოვრებაში რა ქარტეხილი არ გამომივლია, ალბათ, როგორც ყველას, ძალიან რთული პერიოდებიც მქონია, თუმცა, ვერც ოჯახის წევრები და ვერც მეგობრები, ვერ გაიხსენებენ ჩემს დეპრესიულ პერიოდს, როცა გონს მოსასვლელად მათი ჩართულობა დამჭირდა და მით უმეტეს, ფსიქოლოგის. მაქსიმუმ, დავჯდე, გადაბმულად 4-5 დღე სერიალებს ვუყურო და სახლიდან არ გავიდე. ჩემი საყვარელი სერიალის ყურება ძალიან მეხმარება.

– წესით, როგორც ამ ნიშნის წარმომადგენელს, ძალიან უნდა გიყვარდეს თავგადასავლები და არა სტაბილურობა.

– არ მიყვარს სტაბილურობა, ვერაფრით ვერ ვიცხოვრებ გაწერილად – როცა იცი, როგორია ყოველი დღე, ყოველი თვის ბოლო თუ დასაწყისი, ზაფხული, ზამთარი და ასე შემდეგ. ჩემი ცხოვრება ქაოსური უნდა იყოს. იქ, სადაც ხმაური, ხალხი, მაღაზიები და აქტიური ცხოვრების ტემპი არ არის, მე ვერ ვიცხოვრებ. არ შემიძლია მშვიდ გარემოში. ამერიკაში ვიყავით მე და ოთო და მთელი ერთი თვე ვკამათობდით. ის ამბობდა, მე ნიუ-ჯერსიში ვიცხოვრებდი კერძო სახლში, ტბა, სიმშვიდე, სიწყნარეო და ამ დროს, მე მინდა ზედ მეხუთე ავენიუზე ვიცხოვრო, სადაც „შანელის“ მაღაზია, ხმაური, მანქანების სიგნალები და მუდმივად ქაოსია. სიმშვიდე ასი წლის შემდეგაც მეყოფა (იცინის). ჩემს ცხოვრებაში მუდმივად რაღაც ახალი უნდა ხდებოდეს, თორემ ერთფეროვანი ყოველდღიურობა ძალიან მომბეზრდება.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „2003 წელი, 3 ოქტომბერი, პირველი გაფანტვა“ - ლელა წურწუმია არქივიდან ჩანაწერს გვიზიარებს

„ძალიან თბილი მამიკოა“ - ჯორჯინა უზკატეგუია ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

„ჩვენი ოქროს ქორწილი... 50💝“ - ირმა სოხაძე ოჯახურ ფოტოებს გვიზიარებს

წყარო: tbiliselebi.ge