საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს 6 მოქალაქის ადგილსამყოფლის დადგენაზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება.
„საელჩოს ქალაქის ნომრებზე, მოქმედ ცხელს ხაზებზე, ასევე ელჩისა და საელჩოს თანამშრომლების სოციალურ ქსელებზე, ორი დღის განმავლობაში შესულია საქართველოს მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების ათასზე მეტი სატელეფონო ზარი და მიმართვა.
ამასთან, საელჩოს მიმართა ასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ. მათ შორის, განსაკუთრებით რთული იყო 20-მდე მოქალაქის შემთხვევა. აქედან, 14 მოქალაქის ადგილსამყოფელი, ამ ეტაპზე, დადგენილია. შედგა მათთან კომუნიკაცია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო 6 მოქალაქის ადგილსამყოფლის დადგენაზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება.
ამ ეტაპზე დასტურდება საქართველოს ორი მოქალაქის გარდაცვალება. საქართველოს საელჩო აქტიურად მუშაობს სტიქიის ზონაში მყოფი მოქალაქეების დასახმარებლად,“ - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
თურქეთში 6 თებერვალს დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რაოდენობა 5 ათასს გადასცდა. ამჟამად თურქეთში მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრისგან დაზარალებულ ქვეყნის სამხრეთ ნაწილის 10 პროვინციაში 3-თვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.