Digest Logo

🎥 „ყველაფერი გავაკეთეთ მისი უწმინდესობის სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ სამწუხაროდ ხანდახან ჩვენც ვმარცხდებით“ - ექიმები პატრიარქის უკანასკნელ წუთებს იხსენებენ

1774205978
ექიმები პატრიარქი

17 მარტს, ღამის 3 საათზე კავკასიის მედიცინის ცენტრში პაციენტი შეიყვანეს - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.

კლინიკაში ქვეყნის საუკეთესო ექიმების გუნდი იყო მობილიზებული. თითოეული მათგანი აცნობიერებდა უდიდეს პასუხისმგებლობას. რეანიმაციულ პალატაში ექიმები მკურნალობდნენ პატრიარქს, რომლის გადარჩენისთვის მთელი ქვეყანა ლოცულობდა.

კლინიკის კედლებში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სიცოცხლის ბოლო წუთები გაატარა. მიუხედავად ხალხმრავლობისა, იქ სუფევდა დუმილი - დუმილი, რომელიც ხშირად ხმამაღალ სიტყვებზე ძლიერია.

ექიმებმა გააკეთეს ყველაფერი, რაც ადამიანს შეუძლია. მაგრამ არსებობს წუთები, როცა მედიცინა უძლურია და რჩება მხოლოდ ლოცვა.

მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქი ძილში აღესრულა, იქ მყოფები დარწმუნებულები არიან, რომ ილია მეორეს ბოლო წუთებში მათი ხმა ჩაესმოდა.

ოთარ დიხამინჯია, კავკასიის მედიცინის ცენტრის გადაუდებელი მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი: „ყველამ გააცნობიერა ის დიდი პასუხისმგებლობა, მძიმე ჯვარი, რაც იყო მისი უწმინდესობის მკურნალობაში ჩართვა დაწყებული კლინიკის დირექტორიდან და კლინიკური მენეჯერიდან, დამთავრებული თითოეული ექიმით. ვფიქრობ, რომ ეს ჯვარი ყველამ ღირსეულად იტვირთა და ყველაფერი გააკეთა, რომ მისი უწმინდესობის სიცოცხლე გადაგვერჩინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ხანდახან ჩვენც ვმარცხდებით“.

ლაშა ჟვანია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი: "მივხვდი, რომ დგებოდა მომენტი უწმინდესის ამ ქვეყნიდან განშორების. არ ვიცი როგორ მოხდა ეს - მე გავაანალიზე, რომ არ შეიძლებოდა უწმინდესის მარტო გაშვება ამ ქვეყნიდან, რომ ის უნდა გაგვეცილებინა გალობით, იმით, რასაც მთელი ცხოვრება ემსახურებოდა და მადლიერებით უნდა ჩაგვებარებინა ღმერთისთვის. შევიდეთ და ვიგალობოთ - მეთქი და მეუფე გერასიმემ დაიწყო გალობა“.

კლინიკის კედლებში, პალატაში დასრულდა მისი დიდი და ქარტეხილებით სავსე ამქვეყნიური ცხოვრება. საქართველომ დაკარგა ადამიანი, რომელიც მხოლოდ ეკლესიის წინამძღოლი არ ყოფილა - ის იყო რწმენის, ნუგეშისა და იმედის ნავსაყუდელი.

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/reel/821285900304764

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ შეძლო ილია მეორემ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება - რეპორტაჟი

„ეპოქა, რომელიც პატრიარქმა შექმნა, არის საფუძველი საქართველოს სულიერი განახლების, მართლაც მძიმე იყო ჯვარი, რომელიც მან, თითქმის ნახევარი საუკუნე ატარა“ - ირაკლი ჩიხლაძის ემოციური მონოლოგი

სიონის ტაძარი, სადაც ილია მეორე დაკრძალეს, დღეს 22:00 საათამდე იქნება ღია, ხვალ კი 08:00 საათიდან გაიღება

წყარო: rustavi2.ge