სოციალურ ქსელ Facebook გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, თუ როგორ გადაარჩინეს თბილისში კაცის სიცოცხლე სასწრაფო დახმარების ექიმებმა. პაციენტს ოთხჯერ დასჭირდა ელექტროშოკის გამოყენება, რის შემდეგაც მას პულსი და დამოუკიდებელი სუნთქვა აღუდგა.
„ექიმ თეა იმერლიშვილის კიდევ ერთი წარმატებული რეანიმაცია.
თბილისის მე-5 ფილიალის 534-ე ბრიგადამ გამოძახება მიიღო ლოზუნგით „უგონო“. ერთ-ერთი დაწესებულებიდან გადაუდებელ დახმარებას ითხოვდნენ. ადგილზე შექმნილი ვითარება განსაკუთრებულ ოპერატიულ რეაგირებას მოითხოვდა.
გამოძახების ადგილზე მისულ ბრიგადას ეზოში, მიწაზე მწოლიარე შუახნის მამაკაცი დახვდა, რომელსაც პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, მამაკაცს ხელში მძიმე ნივთი ეჭირა, როდესაც მოულოდნელად თავი შეუძლოდ იგრძნო და ძირს უგონოდ დაეცა.
ექიმმა თეა იმერლიშვილმა დაუყოვნებლივ დაიწყო პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები. კარდიომონიტორზე პარკუჭოვანი ფიბრილაცია ფიქსირდებოდა. პაციენტს ოთხჯერ დასჭირდა ელექტროშოკის გამოყენება, რის შემდეგაც მას პულსი და დამოუკიდებელი სუნთქვა აღუდგა.
ბრიგადამ პაციენტი უმოკლეს დროში გადაიყვანა უახლოეს კლინიკაში, სადაც მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი დაუდგინდა. ამჟამად მამაკაცი თავს კარგად გრძნობს და გეგმური შუნტირებისთვის ემზადება.
თეა იმერლიშვილი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში უკვე 20 წელია მუშაობს, აქედან 13 წელია უფროსი ექიმის პოზიციაზე. მის პროფესიულ პრაქტიკაში ეს წარმატებული რეანიმაციის მეოთხე შემთხვევა იყო.
გულის გაჩერების დროს ყოველი წუთი მნიშვნელოვანია. სწორედ ასეთ დროს პროფესიონალიზმი, სწრაფი გადაწყვეტილებები და გუნდური მუშაობა ადამიანს სიცოცხლის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს.
#გვეამაყება
ექიმი თეა იმერლიშვილი
უმცროსი ექიმი სოფიო ჭეჟუა
მძღოლი ზვიად ნარიმანიძე“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ვის გაუმართლებს წლის ბოლო თვეში? – ზოდიაქოს 4 ნიშანი ფინანსური იღბლისა და წარმატების მოლოდინში