
ფილოლოგი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და პერიოდულად შთამაგონებელ სტატუსებს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას მის ცხოვრებაზე დაკვირვებას უზიარებს.
ამჯერად იგი ხვიჩა კვარაცხელიას მორიგ მნიშვნელოვან თამაშზე წერს და მას წარმატებას უსურვებს:
„დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია - ღამის 11 საათიდან ტელევიზორებს ისინიც მიუსხდებიან, ბოლო დროს ახლოსაც რომ არ გაჰკარებიან.
საკლუბო ფეხბურთში არ არსებობს ამაზე მნიშვნელოვანი და პრესტიჟული ტურნირი. ხვიჩა კვარაცხელიამ ქართველები ამ დღესასწაულის მონაწილენი გაგვხადა. ეს ახალგაზრდა კაცი როგორ ალამაზებს ჩვენს მონაწილეობას - როგორ გვახარებს!
არ ვიცი, რა შედეგით დასრულდება დღევანდელი ფინალი (რა თქმა უნდა, გამარჯვების დიდი იმედი მაქვს!), მაგრამ წარმატების თუნდაც მოლოდინი 2025 წლის 31 მაისს საგანგებო მნიშვნელობას სძენს.
რა იყო ჩვენთვის თუნდაც შარშან ამ დროს პარი სენ ჟერმენი? არაფერი - ჩვენ მასთან არანაირი ემოციური ბმა არ გვქონდა. ახლა ის ჩვენი გუნდია და ქართველები მის ყოველ გამარჯვებას ჩვენად მივიჩნევთ.
თქმა არ უნდა, ლუის ენრიკე შესანიშნავი მწვრთნელია - მისი დონის ადამიანი მსოფლიო ფეხბურთს ძალიან ცოტა ჰყავს.
ჩვენი ხვიჩა მის ხელში ახალ სპორტულ სიმაღლეს დაეუფლა და ახლა მსოფლიო ვარსკვლავია - ის თამაშის შედეგზე არსებით და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. მასთან ერთად პარი სენ ჟერმენმაც ახალ მწვერვალს მიაღწია.
ცხადია, ინტერი ძალიან ძლიერი გუნდია და ინძაგის ხელმძღვანელობით ყველაფერს გააკეთებს მოსაგებად, მაგრამ ფრანგული გრანდი ახლა საუკეთესო ფორმაშია, რაც კი ოდესმე ჰქონია, დაბალანსებულია, დამანგრეველი შეტევა ჰყავს და, ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგა სწორედ მან უნდა მოიგოს.
წლებია, ამ მიზნისკენ მიდის და წელს ოცნება უნდა აისრულოს. ჩვენი ბიჭი და ჩვენც ვიმსახურებთ გამარჯვებას.
ვინ იცის, რამდენ ახალ ქართველ ტალანტს მისცემს შთაგონებას ხვიჩას დღევანდელი წარმატება.
იცით, 15-16 წლის რა ბიჭები მოდიან? - საუკეთესოები, მოტივირებულები, გაბედულები, ღირსეულები, ძლიერები, დაუღლელები, სპორტული შემოქმედებით სავსენი!
ისინი სულ მალე ქართულ ფეხბურთს მსოფლიო არენაზე დიდ წარმატებებს მოაპოვებინებენ.
აი, სწორედ მათ სჭირდებათ ხვიჩასა და სხვა ქართველი ვარსკვლავების წარმატებები - მაგალითი ქმნის ცხოვრებას.
სად არიან იტალიაში მუხრანბატონები, მაგრამ დღეს უნდა "ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა“.
ახლა პსჟ ქართული გუნდია - ჩვენი იმედები ამ საღამოს მასთან არის.
ხვიჩა, მთელი საქართველო დღეს (და ყოველთვის) გვერდით გიდგას!
აჩვენე მსოფლიოს, რა შეუძლია ქართველს, რომელიც იღბალზე, ნიჭიერებასა და სურვილებზე წინ შრომისმოყვარეობას, გარჯასა და პასუხისმგებლობას აყენებს.
ქართველებო, მოლოდინის სიხარულად გადაქცევას გისურვებთ!“, - წერს გია მურღულია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლევან კობიაშვილის ქალიშვილმა სწავლა დაასრულა - კადრები გამოსაშვები საღამოდან
🎥 „სმენა რომ ჩემი აქვს, ამის ამბიცია მაქვს“ - ნახეთ როგორ უკრავს თათია შარანგიას შვილი დოლზე